კანონპროექტი, პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტიის სამხედროებთან გათანაბრების შესახებ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და კრიმინალთან ბრძოლაში დაღუპული პოლიციელის ოჯახისთვის ყოველთვიური 1000-ლარიანი კომპენსაციის მიცემას გულისხმობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის ავტორია დეპუტატი გიგა ბუკია და განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში დაიწყება.
განცხადება პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტიის სამხედროებთან გათანაბრების შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
"გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ე.წ. ოპონენტის გამოსვლა, თითქოს მათი ინიციატივაა, რომ დაღუპული პოლიციელების სოციალური დახმარება სამხედროებისას გავუთანაბროთ. ეს ადამიანები 9 წლის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში და შეეძლოთ, ეს გაეკეთებინათ. 100 ათას ლარიანი დახმარება არის ჩვენი ინიციატივა - ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. სწორედ მის დროს დაენიშნათ ერთჯერადი კომპენსაციის სახით 100 ათასი ლარი გარდაცვლილ სამხედროებს და ასევე მათი ოჯახის წევრებს 1000 ლარიანი კომპენსაცია. ჩვენ მზად გვაქვს კანონპროექტი იმის თაობაზე, რომ მოხდეს დაღუპული სამხედროების სოციალურ გარანტიებთან იმ პოლიციელების გათანაბრება, რომლებიც დაიღუპნენ ომში, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კრიმინალთან ბრძოლაში. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ეს შეიტყვეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.