საკონსტიტუციო კომისია მზად არის, განიხილოს სახალხო დამცველის ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ომბუდსმენის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.
"არსებობს საკონსტიტუციო კომისია, რომლის ფარგლებში ერთ-ერთი ჯგუფი მუშაობს სასამართლო ხელისუფლების - მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების საკითხებზე. თუ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ გვჭირდება კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოვება და ეს იქნება დასაბუთებული, კომისიაც მზად არის, რომ მოსაზრებები განვიხილოთ. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, კონსტიტუციაში ცვლილებები იქნება შესატანი თუკი ჩვენ ვიფიქრებთ უფლებამოსილების გაფართოებაზე", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საერთო სასამართლოების და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება ხელისუფლების პრიორიტეტია.
"თუ დამატებით გვჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებში ცვლილებების შეტანა, რა თქმა უნდა, პარლამენტი მზად არის ამ მიმართულებით იმუშაოს და იმსჯელოს. კომისიის ფარგლებში უნდა გადავიტანოთ მსჯელობა. მზად ვართ, განვიხილოთ ის პროექტი, რომელიც მოამზადა სახალხო დამცველმა", - განაცხადა კობახიძემ.
სახალხო დამცველი ევროსასამართლოს ფუნქციების შემცველი მოდელის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც ომბუდსმენი აცხადებს, აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნა არსებული სასამართლოს სისტემა.
"ამ მიზნით, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებების გაზრდაა შესაძლებელი, ანუ, თუ აქამდე საკონსტიტუციო სასამართლო წყალობდა ნორმატიულ აქტების კონსტიტუციურობის შესწავლას, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საკითხებთან მიმართებაში ინიციატივის მიხედვით, ფართოვდება ეს წრე და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება ექნება საერთო სასამართლოებზე განახორციელოს კონტროლი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისი განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალაში შესული განაჩენების კონტროლი და კონსტიტუციურობა შეიძლება მოხდეს სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან.