ომბუდსმენის ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია

ომბუდსმენის ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია

სახალხო დამცველის ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ ომბუდსმენის ინიციატივის გაცნობის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ომბუდსმენის ინიციატივის დაკანონების შემთხვევაში, საჭირო გახდება საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების დამატება. ამჟამად კი, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლე ჰყავს.

"ინიციატივა გულისხმობს, რომ როდესაც საერთო სასამართლოების მიერ გადაწყვეტილება იქნება მიღებული უზენაესი სასამართლოს გავლის შემდეგ, მოქალაქეები უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართავენ ევროსასამართლოს. მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიეცემა ის ახალი უფლებამოსილებები, რომელიც კანონპროექტით არის გათვალისწინებული, მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, არა სტრასბურგს, არამედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. ვფიქრობ, ამ გზით მოქალაქეები ქვეყნის შიგნით, სამართალს მალე იპოვნიან. ეს იქნება ერთგვარი ფილტრი, რომელიც საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების კოსტიტუციურობის შემოწმებას მოახდენს", - განაცხადა ტურავამ.

მისი თქმით, დღეისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლე ჰყავს, თუმცა შესაძლებელია მათი რაოდენობის გაზრდაც.

"ჩემი აზრით, რამდენიმე მოსამართლის დამატება საჭირო იქნება, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ უფლებათა დაცვის კარგ ფილტრს, რომელიც საქართველოს შიგნით ადამიანის უფლებების დამცავი იქნება", - განაცხადა მერაბ ტურავამ.