ომბუდსმენი ევროსასამართლოს ფუნქციების შემცველი მოდელის შექმნის ინიციატივით გამოდის

ომბუდსმენი ევროსასამართლოს ფუნქციების შემცველი მოდელის შექმნის ინიციატივით გამოდის

სახალხო დამცველი ევროსასამართლოს ფუნქციების შემცველი მოდელის შექმნის ინიციატივით გამოდის. უჩა ნანუაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" აღნიშნული ინიციატივის პრეზენტაცია გამართა, კერძოდ, საუბარია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოცდილების გაფართოებაზე. როგორც ომბუდსმენი აცხადებს, აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნა არსებული სასამართლოს სისტემა.

"ამ მიზნით, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებების გაზრდაა შესაძლებელი, ანუ, თუ აქამდე საკონსტიტუციო სასამართლო წყალობდა ნორმატიულ აქტების კონსტიტუციურობის შესწავლას, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საკითხებთან მიმართებაში ინიციატივის მიხედვით, ფართოვდება ეს წრე და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება ექნება საერთო სასამართლოებზე განახორციელოს კონტროლი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისი განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალაში შესული განაჩენების კონტროლი და კონსტიტუციურობა შეიძლება მოხდეს სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან.

"ეს აფართოებს არეალს და ჩნდება ახალი მოდელი, რომლის მიხედვით უკვე ძალაში შესული განაჩენებიდან გარკვეული საქმეების განხილვა მოხდება ამ მექანიზმით. ქვეყანაში არსებობდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მოხდებოდა კანონიერი ძალაში შესული განაჩენების გადახედვა. სამწუხაროდ, მსგავსი მექანიზმი არ არსებობდა ქვეყანაში. განხილული იყო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, რაც ასევე არ განხორციელდა. ამასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრება იყო ვენეციის კომისიის მხრიდანაც გამოთქმული", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებით მიაწოდეს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებს და პარლამენტის წევრებს.