ყვითელი ავტობუსის მძღოლები და მეტროს მემანქანეები შესაძლოა, 14 აპრილს გაიფიცონ

ყვითელი ავტობუსის მძღოლები და მეტროს მემანქანეები შესაძლოა, 14 აპრილს გაიფიცონ

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, მათ შორის ყვითელი ავტობუსის მძღოლები და მეტროს მემანქანეები შესაძლოა 14 აპრილს გაიფიცონ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ყვითელი ავტობუსის მძღოლმა, ჯემალ ცერცვაძემ განუცხადა, ამის მიზეზი მერიის მხრიდან მათთვის პრემიის ჩაურიცხაობაა.

როგორც ცერცვაძემ განაცხადა, თბილისის მერიამ მის დაქვემდებარებაში მყოფ თითქმის ყველა შპს-ს და მის თანამშრომლებს სააღდგომო პრემიები ჩაურიცხა ხელფასის 80%-ის ოდენობით, თუმცა მათთან მიმართებაში ასე არ მოქცეულა.

"მადლობას ვუხდი სატრანსპორტო კომპანის ხელმძღვანელობას, მათ თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე 100 ლარი ჩაგვირიცხეს პრემიის სახით. თბილისის მერიამ მის თანამშრომლებს, მის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ებს, საკრებულოს წევრებს პრემიის სახით ხელფასის 80%-ის ოდენობის პრემია ჩაურიცხა, თუმცა ჩვენთვის არ ჩაურიცხავს. არადა ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა დატვირთვით გვიწევს მუშაობა, მითუმეტეს აღდგომის დღეებში", - განაცხადა ცერცვაძემ და თბილისის მოსახლეობას მოუწოდა, რომ მათი მხრიდან სწორად იყოს აღქმული გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული.

ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარის, ლავრენტი ალანიას თქმით კი, სატრანსპორტო კომპანიის გარდა პრემია ასევე არ ჩაერიცხა დასუფთავების სამსახურსა და შპს "სინათლის ქალაქს". ალანია არ გამორიცხავს, რომ თუ გაფიცვა დაიწყება მათ ამ სამსახურების თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

"პრემიებს ურიცხავენ თავის თანამშრომლებს, საკრებულოს თანამშრომლებს, თითქმის ყველა შპს-ს, თუმცა ამ ხალხზე არავინ ფიქრობს. დღეს მივეცით გაფრთხილება მერიას და იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემა არ გამოსწორდება, აღდგომების მერე, 14 აპრილიდან დაიწყება ფართომასშტაბიანი გაფიცვა", - განაცხადა ალანიამ.