აშშ-მ შესაძლოა, კუბა იმ ქვეყნების სიიდან ამოიღოს, რომლებიც ტერორიზმს ეხმარება. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
თეთრი სახლის ლიდერმა, ბარაქ ობამამ კუბასთან დიპლომატიური კავშირების გადახედვის ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც დეკემბერში აშშ-ისა და კუბას შორის ურთიერთობები შედარებით გაუმჯობესდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, კვირის ბოლომდე ობამას მოხსენებას გაუგზავნის კუბასთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ, რასაც შესაძლოა, ამ ქვეყნის ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოღება მოჰყვეს.
ამას გარდა, ობამა კვირის ბოლოს პანამაში გაემგზავრება, სადაც რეგიონის ქვეყნების სამიტს დაესწრება და კუბის ლიდერს, რაულ კასტროს პირისპირ შეხვდება.
კუბა ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში ირანთან, სუდანთან და სირიასთან ერთად 1982 წელს შეიყვანეს, მაშინ როდესაც იგი კოლუმბიასა და სხვა ქვეყნებში მარქსისტ ამბოხებულებს ეხმარებოდა.