"მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად არ ვისურვებ ვინმეს ლიკვიდაციას და შევუერთდები იმ განცხადებებს, რომ ბრალდებული დარჩეს ცოცხალი და აგოს პასუხი კანონის წინაშე", – ასეთი განცხადება გააკეთა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა "არჩევანში" პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, შალვა აბულაძის საკითხთან დაკავშირებით.
ამავე გადაცემაში მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოსაც შეეხო:
"მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ბორჯომის თემას და მის ლიცენზირებას და იმ მეწარმეებს, რომლებიც ეხლა გამოჩნდნენ თავიდან. მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ 1996 წელს ჩატარდა საერთაშორისო აუქციონი, სადაც ამ წყლის გამოყენების და მისი ბრენდის სამარკო ნიშნის ექსკლუზიური უფლება მიიღო იმ კომპანიამ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. შესაბამისად, შეწყდა ყველა ის ფალსიფიკაცია და ე. წ მცირე მეწარმეების ქმედებები, რომლებიც აბსოლუტურად არასანიტარულ და არაკანონიერ მდგომარეობაში ასხამდნენ ბორჯომის წყალს. მინდა გითხრათ, რომ ბორჯომმა სამჯერ გაიარა ბანკროტობის პერიოდი, ეს იყო 1998 წელი რუსეთის კრიზის დროს, ეს იყო 2006 წელს, როდესაც რუსეთმა გადაკეტა რუსული ბაზარი. ყოველივე ამის შემდეგ, ასეულ მილიონობით დოლარის ინვესტიცია გაკეთდა, ბორჯომი გახდა ტრანსნაციონალური კომპანია, მიაღწია არაჩვეულებრივ წარმატებებს, იგზავნება 40 ქვეყანაში და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვალუტის შემომტანი. მინდა გითხრათ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ბორჯომის კომპანიაში მუშაობენ, ყველაზე თანამედროვე ქარხანაში, ყველაზე კარგი პირობებით არიან. ძალიან ვამაყობ იმ წლებით, რაც ბორჯომში გავატარე. მინდა ყველას მოვუწოდო, ვთხოვ პოლიტიკოსებს, ბიზნესებს მიეცეთ საშუალება, საქართველოში საქმის კეთების. დღეს ფონი არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ამ ფონში არ ვითარდება არა თუ ბიზნესი, ყვავილიც კი დაჭკნება" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.