იარაღით თავის მოწონება არ უნდა ითვლებოდეს კარგ ტონად და ამას ჩვენ ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "იარაღის შესახებ" კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. წულუკიანი მოუწოდებს პარლამენტს, რომ დააჩქარონ ამ კანონპროექტის მიღება.
"ყველას არ უნდა ჰქონდეს ადვილი წვდომა იარაღზე. არ უნდა იყოს თუნდაც კანონიერად შეძენილი იარაღით თავის მოწონება არ უნდა ითვლებოდეს კარგ ტონად და ამას ჩვენ ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ მათ შორის კანონის ძალით. მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პარლამენტს, რომ დააჩქარონ იმ კანონის მიღება, რომელიც იარაღზე წვდომას აძნელებს", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ამ ცვლილებების მიღება იქნება დანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთი მექანიზმი.
"დანაშაულს ვერ დაამარცხებს ერთი ცალკეული ცვლილება და კანონი. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს დიდი სპექტრი და მრავალფეროვანი მექანიზმები იმისთვის, რომ დანაშაულს ებრძოლოს, რათა ეს ბრძოლა იყოს წარმატებული. მე ყოველთვის ვიცავდი და დღესაც ვიცავ იმ პოზიციას, რომ ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია იარაღის უკანონო ტარება-შეძენა-შენახვა და გამოყენება, მაგრამ კანონიერად შეძენის წესები უნდა გამკაცრდეს. ეს უნდა ვაქციოთ დანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთ რიგით, მაგრამ მნიშვნელოვან მექანიზმად", - აღნიშნა მინისტრმა.
"იარაღის შესახებ" კანონში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების თანახმად, მკაცრდება იარაღზე წვდომის წესები. კერძოდ, ნებართვის შემთხვევში, დღეს 18 წლიდან ადამიანს შეუძლია შეიძინოს, შეინახოს და ატაროს იარაღი, ახალი ცვლილებებით კი, იმ პირს, ვინც ითხოვს ნებართვას იარაღის შეძენაზე, შენახვაზე ან ტარებაზე, აუცილებლად უნდა იყოს 23 წელს მიღწეული. 21 წლის ზღვარი დგინდება სპორტული, გაზისა და სანადირო იარაღის შემთხვევაში.
ყველა ის პირი, რომელსაც უნდა მოიპოვოს ნებართვა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე, ვალდებული იქნება, გაიაროს გამოცდა - ის შემოწმდება პიროვნულად იმისათვის, რათა გაიცეს ნებართვები მისი სანდოობის და ფსიქიური თვისებურებების მიხედვით. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე ვერავინ მოიპოვებს ნებართვას, თუკი ის წარსულში მსჯავრდებული იყო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში. ახალი ცვლილებების თანახმად, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე უფლებას ვერ მოიპოვებს პირი, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, იარაღის გამოყენებით ან ძალადობით არის ბრალდებული.