როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, შენობა ნუსხიდან იმის გამო ამოიღეს, რომ ამ შენობით პოტენციური მყიდველი არ დაინტერესდა.
„ეს ობიექტი ბოლო პერიოდში საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან ამოღებულია. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია. ამოღების მიზეზი გახლავთ ის, რომ როგორც მოგეხსენებათ, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში სხვა აქტივთან ერთად ათონელის ქუჩაზე არსებული რეზიდენციაც იყო შეტანილი, მაგრამ ეს არის საკმაოდ სპეციფიკური სახის შენობა, რომელიც დაპროექტებულია, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის რეზიდენცია, იქ არის სპეციფიკური არქიტექტურა და შიდა სივრცე. ალბათ ჩათვალეს, რომ შენობის კომერციული მიზნებისთვის მორგება საკმაოდ რთული იქნებოდა და ვფიქრობთ, ეს იყო მიზეზი, რომ ამ შენობით პოტენციური მყიდველი არ დაინტერესებულა. სწორედ ამიტომ ათონელის რეზიდენციის შენობა ნუსხიდან იქნა ამოღებული“, - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა ბოლქვაძემ.
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში, სხვა აქტივთან ერთად, თბილისში ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაც იყო შეტანილი. "ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის" დირექტორის ნიკოლოზ რუხაძის ინფორმაციით, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის მშენებლობა უკვე დასრულდა. რუხაძის განცხადებით, შენობა რემონტდებოდა როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის, ასევე მისი ადმინისტრაციისთვის. რაც შეეხება რეზიდენციის მშენებლობაზე დახარჯულ თანხას, "ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის" დირექტორის განცხადებით, საბოლოო ციფრი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა წინასწარი გათვლებით, დახარჯული თანხა 26 მილიონ ლარს აჭარბებს. შეგახსენებთ, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის საბოლოო დანიშნულების თაობაზე, ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ათონელზე მდებარე რეზიდენციაში შესაძლოა, საგარეო საქმეთა სამინისტრო გადავიდეს.