უკრაინის პროკურატურიდან 3500 თანამშრომელს დაითხოვენ

უკრაინის პროკურატურიდან 3500 თანამშრომელს დაითხოვენ

უკრაინის პროკურატურიდან 25 აპრილამდე 3500 თანამშრომელს დაითხოვენ. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, გენერალური პროკურორის მოადგილემ, დავით საყვარელიძემ განაცხადა.

"25 აპრილამდე, კანონის შესაბამისად, უკრაინაში პროკურატურის თანამშრომლების რიცხვი 18 500-დან 15 000-მდე შემცირდება. უკრაინას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ შტატებით გაბერილი უწყება ჰქონდეს", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

მისივე თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ, თანამშრომლების იმ ნაწილმა მიიღო გათავისუფლების შეტყობინება, რომლებიც ახალ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.

პარალელურად, "უნიანი" ავრცელებს ინფორმაციას კრამატორსკის პროკურორისა და მისი მოადგილის დაკავების შესახებ. საგამოძიებო სამსახურმა დაკავებულების სახლებსა და სამუშაო ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ 110 ათასი დოლარი და 2 750 000 გრინვა ამოიღო.

"ამოღებული დოკუმენტებისა და ჩანაწერების შედეგად გაირკვა, რომ ისინი სისტემატიურად ყოველთვიურად ქრთამს იღებდნენ იმ ბიზნესმენებისგან, რომლებიც როგორც ლეგალურ, ასევე არალეგალურ საქმიანობას ეწევიან", - წერია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.