"რადა" ბლოკირებულია-უკრაინაში იაცენიუკის გადადგომას ითხოვენ

"ლიგა.ნეტი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარტია "სვაბოდას" წევრებმა უკრაინის უმაღლესი რადას ტრიბუნის ბლოკირება მოახდინეს. პარტია "სვაბოდას" დეპუტატებმა ტრიბუნა პარლამენტის სესიის დაწყებისთანავე დაიკავეს.დეპუტატები პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების გამოძიებას ითხოვენ.

პარალელურად, პარლამენტის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ ხელში ეროვნული და პარტიის დროშები ეჭირათ და იაცენიუკის წინააღმდეგ კორუფციის შესახებ ბრალდებების გამოძიებას ითხოვდნენ. ისინი ასევე აცხადებენ, რომ გამოძიების პერიოდში იაცენიუკმა პოსტი უნდა დატოვოს. არსენი იაცენიუკს ფინანსური ინსპექციის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი გორდიენკო კორუფციაში ადანაშაულებს.

პარტია "სვაბოდა" გუშინდელ სხდომაზე დროებითი საპარლამენტო კომისიის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც აღნიშნულ საქმეს გამოიძიებს.