საქართველოს ფოსტის თბილისის სერვისცენტრის თანამშრომლები გაიფიცნენ. ამ წუთებში თანამშრომლები ფოსტის მთავარ ოფისთან არიან შეკრებილები.
გაფიცვის მთავარი მიზეზი ხელფასები და კომპანიაში არსებული ბონუსური და საჯარიმო სისტემაა.
როგორც „კომერსანტს“ ერთ-ერთმა გაფიცულმა განუცხადა, ჩაუბარებელი წერილების გამო ჯარიმები ეკისრებათ, საბოლოო ჯამში კი მხოლოდ მოჭრილი ხელფასი (350 ლარი) რჩებათ, რადგანაც ჩაუბარებელი წერილების ოდენობა საკმაოდ დიდია.
წერილების არჩაბარების მიზეზი კი, გაფიცულის განმარტებით, ისაა, რომ მოსახლეობის უმეტესობა, რომელიც ელოდება ჯარიმას პატრულისგან, „სითი პარკისგან“, წერილის მისაღებად კარს უბრალოდ არ აღებს. ამასთან, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მიმღებს საცხოვრებელი ადგილი აქვს შეცვლილი ან სულაც არ იმყოფება საქართველოში.
„წერილები, რომელიც ბარდება მისამართზე პლუსში გვიჯდება, მაგრამ რომელიც არ ბარდება, გვიჯდება მინუსში. არჩაბარებული წერილების ოდენობა არის ძალიან დიდი. თუ შემოვიდა 100 წერილი, 80 შეიძლება მინუსში დაგვიჯდეს“,- აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული და აღნიშნავს, რომ ბოლო ჯერზე ზოგიერთ მათგანს ჯარიმის სახით 500 ლარი მოუვიდა.
ამასთან, გაფიცულის ინფორმაციით, საქართველოს ფოსტამ არაერთი კურიერი გაათავისუფლა სამსახურიდან.
„ჩვენი მიზეზით არაფერი ფუჭდება. მაგრამ არის წერილები, რომლებიც არ ბარდება, არ ცხოვრობს არავინ, გადასულია, არ არის საქართველოში. ამ წერილებს ვერ ვაბარებთ, გვიჯდება მინუსში და ხელფასი ძალიან ცოტა გამოგვდის. კურიერებს ხელმძრვანელობა ემუქრება გაგდებით, ან ემუქრება ხელფასის დაკლებით. ადამიანი არ ცხოვრობს იმ მისამართზე და მე რა უნდა ვქნა? სად უნდა მოვძებნო? ეს ხომ ფიზიკურად შეუძლებელია“,- აცხადებს გაფიცული.
მისივე ინფორმაციით, გაფიცვის შემდეგ მათთან ფოსტის დირექტორი მივიდა და უსაყვედურა, რატომ არ მივიდნენ მასთან მოსალაპარაკებლად და რატომ აირჩიეს ასეთი ფორმა. საბოლოოდ კი მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც 18:00 საათზე უნდა გაიმართოს.
„კომერსანტი“ „საქართველოს ფოსტასთან“ დაკავშირებასაც ცდილობს, თუმცა, ამ დრომდე კონტაქტზე გასვლა ვერ ხერხდება.