მოწმეთა დაკითხვის წესის შემუშავების მიზნით პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იქმნება. სამუშაო ჯგუფი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში იმუშავებს, დეპუტატებით, ასევე მთავრობის, მთავარი პროკურატურის, სასამართლოსა და არასამთავრობოს ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით კომიტეტში რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება შევიდა.
"როდესაც საკითხი პარლამენტში განიხილებოდა, გამოიკვეთა პოზიცია, რომ მოქმედი წესი მთელ რიგ პრობლემებს ქმნის და ასევე პრობლემურია ის წესიც, რომელიც 2016 წლიდან უნდა ამოქმედდეს. პრობლემები სხვადასხვა ხასითისაა. იმისათვის, რომ ოპტიმალური წესი მივიღოთ და იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ, კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა", - განაცხადა ხმალაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.