მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელის მერაბ თოფჩიშვილის ინფორმაციით, კოალიცია "ქართული ოცნების" მარნეულის საკრებულოს დეპუტატს ჯოშკუნ ზეინალოვს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გივი ქველაძემ და მისმა შვილმა ლაშა ქველაძემ დღეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც მერაბ თოფჩიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევა დღეს დაახლოებით, 10:30 საათზე მარნეულის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც თოფჩიშვილმა განმარტა, ჩხუბის მიზეზი დღეს არ დაწყებულა, არამედ ეს იყო შედეგი შაბათს მომხდარი ფაქტისა, რა დროსაც, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მარნეულის რაიონის სოფელ ულაშლოში იყვნენ ჩასული და ადგილზე პროვოკაცია მოაწყვეს.
მარნეულის გამგებლის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკრებულოს დეპუტატ ჯოშკუნ ზეინალოვისგან მოითხოვდნენ, რომ მას ეთქვა, თითქოს მოქმედმა ხელისუფლებამ 2012 წელს 4 ჰექტარი მიწა გაყიდა, რომელიც ზეინალოვის მამამ შეისყიდა.
"გვაქვს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ჩანს, რომ ეს მიწა გაიყიდა არა 2012 წელს, არამედ 2010 წელს "ნაციონალური მოძრობის" მიერ და ზოგიერთი პირი, რომელიც შაბათს ულაშლოში იყო ჩასული, თავად იყვნენ კომისიის წევრები. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაყიდულია არა მარტო ეს მიწა, არამედ კიდევ 250 ჰექტარი და კიდევ სხვა უამრავი მიწის ფართობი. ამ ყველაფრის დამადატურებელი საბუთები გაგვაჩნია", - განაცხადა თოფჩიშვილმა.
მისივე თქმით, ჯოშკუნ ზეინალოვი დღეს უნდა დასწრებოდა საკრებულოს სხდომას და მას გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გივი ქველაძე შვილთან ერთად დახვდა. თოფჩიშვილის თქმით, ზეინალოვს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.
"ამის შემდეგ მამა-შვილმა ჯოშკუნ ზეინალოვს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს", - აღნიშნა თოფჩიშვილმა და დასძინა, რომ პოლიცია ადგილზე დროულად გამოცხადაა და სიტუაცია განმუხტა.
მისივე თქმით, ჯოშკუნ ზეინალოვი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.