"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოდის ინიციატივით, პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტია სამხედრო მოსამსახურისას გაუთანაბრდეს და 100 ათასი ლარი გახდეს.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პავლე კუბლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი აზრით, გამოსასწორებელია ხარვეზი კანონმდებლობაში, რომლის თანახმადაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი დახმარება ოჯახისთვის 15 ათას ლარს შეადგენს, მაშინ როცა სამშვიდობო ოპერაციების მონაწილეებისთვის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის შემთხვევაში ერთჯერადი დახმარება 100 ათასი ლარია.
"ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ არის ისეთივე ბრძოლა, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობისთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ამიტომ პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტია უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულთა შემთხვევაში. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, გავათანაბროთ ეს სოციალური დაცვის გარანტია და 100 ათასი ლარი გავხადოთ", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პარლამენტში, ეს ის საკითხია, რომელზეც ერთიანი პოზიცია უნდა იყოს.
კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიციას დღეს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება თანადგომა რიგითი მოქალაქეების მხრიდან.