"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ვარკეთილში, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ასაყვანად სპეცოპერაცია "აბსოლუტურად არაპროფესიონალურად" იყო ჩატარებული.
როგორც ბურჯანაძემ "მაესტროს 9-იანში" განაცხადა, ის როგორც საგამოძიებო უწყებების, ისე უშუალოდ პოლიციელების მუშაობაში უსუსურობას ხედავს.
"ის, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესებულია, არის ფაქტი. მინდა ერთი რამ შეგახსენოთ – "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის პირველი ორი წლის განმავლობაში ნამდვილად არ იყო ამდენი გაუხსნელი მკვლელობა, მითუმეტეს, ისეთი ცინიზმით განხორციელებული, როგორიცაა ვაზაგაშვილის, კიწმარიშვილის, გნებავთ ხარძიანის მკვლელობა. ვითარება დამძიმებულია. ნამდვილად არის დანაშაული მომატებული და ეს არის ფაქტი, რაც არ უნდა შეეცადოს ხელისუფლება ამის დამალვას. გარდა ამისა, მე ვხედავ აბსოლუტურ არაპროფესიონალიზმს საგამოძიებო უწყებების მუშაობის კუთხით და აბსოლუტურ უსუსურობას პოლიციელების. როგორც მე მახსოვს, "პოლიციის შესახებ" კანონით სამართალდამცველის საკმარისი მოვალეობები და უფლებებია გაწერილი, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს. თუ რამე შესაცვლელია, კი ბატონო, შეიცვალოს, მაგრამ არამგონია, რომ ეს იყოს გადამწყვეტი. გადამწყვეტია ის აბსოლუტური არაპროფესიონალიზმი, უუნარობა, რომელსაც ვხედავთ. ვარკეთილში ჩატარებული სპეცოპერაცია რომ ვნახე, მეგონა ან ომი დაიწყო, ან უკეთეს შემთხვევაში რაღაც ტერორისტული ბანდა შემოგვესია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეცრაზმი უნდა გამკლავებოდა. ეს უბრალოდ სამარცხვინო იყო და ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ სპეცრაზმის იმ ბიჭებზე, რომელთაც ხშირად მართლაც უწევთ საკუთარი თავის გაწირვა და საშიშ ოპერაციებზე წასვლა, მაგრამ ისინიც აბსოლუტურად დაუცველები იყვნენ, იმდენად არაპროფესიონალურად იყო აღნიშნული სპეცოპერაცია ჩატარებული. სიმწრით გაგეცინებოდა რომ შეხედევადი, 20, 30 50 სპეცრაზმელი როგორ შედიოდა სახლებში და როგორ ატარებდა ჩხრეკას - ეს რა ოპერაცია იყო საერთოდ? ოპერაციას წინ უნდა უსწრებდეს წინასწარი სამუშაოები, ელემენტარული რაღაცები უნდა იყოს ჩატარებული. ვარკეთილის სპეცოპერაციას პირდაპირ ეტყობოდა არასერიოზულობა. ნებისმიერი პროფესიონალი იტყვის, რომ ეს ოპერაცია იყო სამარცხვინო საყურებელი", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელის სავარაუდო მკვლელის ძებნის ოპერაცია 5 აპრილს ჩატარდა, თუმცა სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ვერ იპოვეს. ძებნა მიმდინარეობდა ჯავახეთის ქუჩაზე და ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ასევე, საცხოვრებელ კორპუსებში. ძებნას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი, ასევე, საგამოძიებო სამსახური, კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აწარმოებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, 4 აპრილს ვარკეთილის მეტროსთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა, ერთი მათგანი ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.