პოსტსაბჭოთა ვალუტებმა გამყარება დაიწყეს, ჩაერთვება თუ არა ამ პროცესში ლარი?

პოსტსაბჭოთა ვალუტებმა გამყარება დაიწყეს, ჩაერთვება თუ არა ამ პროცესში ლარი?

საქართველოს ეროვნული ვალუტისგან განსხვავებით, ბოლო პერიოდში დოლართან მიმართებაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ვალუტები მყარდებოდა.

სწორედ ამ ვალუტების გაუფასურება მოჰყავდა ხელისუფლებას იმის მტკიცებულებად, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაცია მხოლოდ საქართველოსთვის არაა დამახასიათებელი და ლარზე მისგან დამოუკიდევბელი, საგარეო ფაქტორები მოქმედებს. მაგალითად, მყარდება რუსული რუბლი – ერთი თვის წინ კურსი 62.22 პუნქტზე ფიქსირდებოდა,  მარტის ბოლოს ის ძირითადად მყარდებოდა და ამ მომენტისთვის 55,95 პუნქტზე ფიქსირდება.

რაც შეეხება მოლდოვას, იქ ეროვნული ვალუტის მაქსიმალური ვარდნა თებერვლის შუა პერიოდში დაფიქსირდა, და 21 ნიშნულს მიაღწია. თებერვლის ბოლოს მეტნაკლებად დასტაბილურდა, ამჟამად კი 17 ნიშნულს აჭარბებს.  უკრაინული გრივნა ბოლო პერიოდში ასევე სტაბილიზდება. წელს გრივნას ვარდნის პიკი თებერვალში დაფიქსირდა, როდესაც მან 31,6–ს მიაღწია, მარტში შედარებით დასტაბილურდა და ამჟამად 25,68 –ს შეადგენს.

ვალუტის დევალვაცია მოხდა აზერბაიჯანშიც, რომელმაც 2 მილიარდიანი უშედეგო ინტერვენციების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება მცურავ რეჟიმში გადაეყვანა ეროვნული ვალუტა, შედეგად, მხოლოდ ერთ დღეში 21 თებერვალს აზერბაიჯანული  მანათი გაუფასურდა 34%–ით და  1,05 მანათი შეადგინა. მას შემდეგ აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტა დასტაბილურდა და ამჟამად  1.0487 ნიშნულზეა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ვალუტას, მან წელს ვარდნის მაქსიმუმს 26 თებერვალს მიაღწია, როდესაც დოლართან მიმართებაში მისმა კურსმა 2.2635 შეადგინა. ლარი ეცემოდა მთელი ბოლო კვირის განმავლობაშიც და კვირის ბოლოს 2,2574 პუნქტამდე გაუფასურდა. თუმცა დღეს გამყარდა და ხვალინდელი კურსი 2.2505 პუნქტზე დაფიქსირდა.

მოსალოდნელია თუ არა ლარის გამყარების გაგრძელება და რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება  ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზებისთვის? 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე აცხადებს, რომ საქართველოს სავაჭრო    პარტნიორ ქვეყნებში ვალუტების გამყარება დადებით გავლენას მოახდენს საქართველოზეც ისევე როგორც ნეგატიურად იმოქმედა მასზე აღნიშნული ვალუტების გაუფასურებამ.

თუმცა, მაისურაძის თქმით, თავად ამ ქვეყნებში ვალუტის გამყარებას სხვადასხვა მიზეზი აქვს და დევალვაციაზე მთავრობებმა განსხვავებული რეაგირება მოახდინეს. მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში დიდი როლი შეასრულა საერთაშორისო ინტერვენციამ - სავალუტო ფონდის ტრანშმა, ხოლო აზერბაიჯანს საკმარისი რესურსები აქვს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციისთვის. 

თემურ მაისურაძის თქმით, საქართვეკლოში საინვესტიციო პროექტების განხორციელება უკვე იწყება, დაიწყო პრივატიზაციის პროგრამა, ასევე ხელისუფლება ზრუნავს ტურისტების რაოდენობის ზრდაზე. ამ ნაბიჯების შედეგებს, ანუ ლარის გამყარების დაწყებას პარლამენტარი მაისის შემდეგ ელოდება.

თუმცა ფულადი გზავნილების ზრდის მხრივ მას დადებითი მოლოდინები არ აქვს აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. თემურ მაისურაძის თქმით, ეკონომიკური გუნდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეროვნული ბანკი ფეხდაფეხ უნდა მიყვეს, მარეგულირებელმა უნდა გამორიცხოს ხელოვნული მერყეობები, რაც შესაძლოა პანიკურმა ტენდენციებმა გამოიწვიოს, რადგან ეროვნული ბანკი რეზერვებს უსასრულოდ ვერ დახარჯავს.

მაისურაძე ამბობს, რომ  პარლამენტი აპირებს, რეგულარული სახე მისცეს ამ საკითხების განხვილვას - რა ხდება რეზერვების მხრივ, რამდენად ახორციელებს მთავრობა დადგეგმილ ზომებს, რა პროცესები მიმდინარეობს სავალუტო ბაზარზე და ა.შ. და მოხდეს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი.

ექსპერტ მიხეილ დუნდუას შეფასებით, პოსტსაბჭოთა ვალუტების მეტნაკლები დასტაბილურება მკვეთრი ვარდნის შემდგომი ბუნებრივი პროცესია და ამას გამყარების ტენცენციას ვერ ვუწოდებთ. რაც შეეხება ლარს, მისი თქმით, ეროვნული ბანკის ქმედებების გარდა ლარის გაუფასურებას სხვა მიზეზი არ გააჩნია. როგორ განვითარდება მოვლენები ლარის კურსთან დაკავშირებით, დუნდუას თქმით, ეს სწორედ ეროვნული ბანკის ქმედებებზეა დამოკიდებული.

ამასთან დუნდუა აცხადებს, რომ მიუხედავად ეროვნული ბანკის „არაადეკვატური მოქმედებებისა,“ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ცალსახად გვაფიქრებინებს განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც დღეს, დანაზოგების გადარჩენის მიზნით დოლარს შეიძენს, წააგებს, რადგან ლარი აუცილებლად გამყარდება მინიმუმ დღეს არსებულ კურსთან შედარებით.