ადამიანის უფლებათა კომიტეტმა

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" პროექტს მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" პროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი. პროექტი კომიტეტის წევრებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა. მისი განცხადებით, კოდექსის პროექტზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დოკუმენტში საფუძვლიანად აისახა მოქმედი ხელისუფლების ნება, რაც საქართველოში ბავშვთა უფლებების მეტად დაცვას წარმოადგენს.

მინისტრის ინფორმაციით, კოდექსით შემოთავაზებული მართლმსაჯულება არასრულწლოვნებს გამოსწორების და ახალი ცხოვრების დაწყების შანსს მისცემს. კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებზე საუბრისას, თეა წულუკიანმა იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც მართლმსაჯულების პროცესში სპეციალიზებული მოსამართლეების და პროკურორების ჩართულობას ითვალისწინებს. მისივე განცხადებით, ნოვაციას წარმოადგენს ასევე ალტერნატიული სასჯელები, კერძოდ კი, შინაპატიმრობა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შემოღება.

წარმოდგენილ კოდექსის პროექტზე საკუთარი მოსაზრებები და შეფასებები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელმა სასა გრუმანმა და პარლამენტის წევრებმა გამოთქვეს. განხილვის პროცესში მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოების წევრებმაც მიიღეს.