დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა მაიკლ გეორგ ლინკმა დღეს წეროვანის ლტოლვილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა.
როგორც "ინტერპესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა მაიკლ გეორგ ლინკმა (ODIHR-ის) ხელმძღვანელმა სოფელში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობა ადგილზე შეაფასა, ადგილობრივი მოსახლეობა მოინახულა და მათ გაესაუბრა.
"საქართველოში ჩემი ვიზიტის მიზანია, ქვეყანაში არსებული ვითარების უკეთ გაცნობა. მოვინახულე წეროვანის დევნილთა დასახლება და საოკუპაციო ხაზი ხურვალეთში. დიდი განსხვავებაა, როდესაც აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობ და როდესაც ამ ყველაფრის ცოცხლად ნახვის საშუალება გეძლევა. საოკუპაციო ხაზის მონახულებამ ძალიან ძლიერი და ნეგატიური შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ის ფაქტი რომ მავთულხლართები ე.წ. საოკუპაციო ხაზის პერიმეტრის წინ არის აღმართული სრულიად შემაშფოთებელია. ჩვენი როლია შევახსენოთ შესაბამის მხარეებს თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობაზე როგორც ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტურ უფლებაზე. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, ამიტომ აღნიშნული რეგიონების თაობაზე ჩვენ კომუნიკაცია სწორედ საქართველოსთან გვაქვს და არა სეპარატისტებთან, რადგანაც მათ ჩვენ არალეგიტიმურად მივიჩნევთ. იმედი გვაქვს რომ ყველა მხარე აქტიურად ჩაერთვება დისკუსიაში, რაც ხელს შეუწყობს არსებული პრობლემის მოგავრებას", - განაცხადა მაიკლ გეორგ ლინკმა.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ODIHR-ის ხელმძღვანელმა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან სოზარ სუბართან და საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერთან მანანა კობახიძესთან გამართა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან.