"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩი იურის პოიკანსი, ევროპულ ბაზარზე პროდუქციის შეტანის კუთხით, საქართველოსთვის დიდ პერსპექტივებს პროგნოზირებს.
როგორც ელჩმა "პირWელს" განუცხადა, ევროკავშირი საქართველოსთვის ყველაზე დიდი ბაზარი გახდება და წარმოების მოდერნიზაციის კუთხით ქართული ბიზნესისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის.
"ლატვიაში განთქმულია ქართული ღვინო, კონიაკი, ჩაი, მინერალური წყალი. საქართველოს მთავრობა, ლატვიაში საქართველოს საელჩო, ლატვიურ ბაზარზე საკუთარი ინტერესების გასატარებლად, ძალიან დიდ სამუშაოს აწარმოებენ. საქართველოში ასევე ტურიზმის დიდი პოტენციალი არსებობს. რიგაში საქართველოში მოწვევის სარეკლამო ბანერებია განთავსებული", - განუცხადა "პირWელს" იურის პოიკანსმა.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2013 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში მოეწერა. დოკუმენტის სრულად იმპლემენტაციამდე საჭიროა მისი რატიფიცირება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტის მიერ, მანამდე კი შეთანხმების უდიდესი ნაწილი 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან დროებით ამოქმედდა. კერძოდ, ძალაში შევიდა დოკუმენტის 80%, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტი. DCFTA ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას. შეთანხმების ფარგლებში, ქართული წარმოშობის თითქმის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც იარსებებს. კერძოდ, 28 დასახელების პროდუქტი ევროკავშირში იმპორტისას უნდა დაექვემდებაროს საბაჟო გადასახადის გადახდას, ამ გადასახადის ადვალორული (ღირებულებასთან შესაბამისობა, გამოცხადებული ფასი) კომპონენტის გარეშე. ამასთან, ცალკე ჩამოთვლილია გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული პროდუქტები, რომელზეც იმპორტის ზღვრული დონეა დაწესებული. ასევე, წლიურ უბაჟო სატარიფო კვოტას დაქვემდებარებული პროდუქტია ნიორი. აღნიშნული კვოტა 220 ტონას შეადგენს, რომელზე გადაჭარბების შემთხვევაშიც, საქართველოს საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს.