საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისთვის უცნობია ხელმძღვანელობდა თუ არა თავდაცვის სამინისტროში რომელიმე საიდუმლო ქვედანაყოფს გია უდესიანი.
ალასანიას თქმით, ყოფილი ხელისუფლების პერიოდში არსებობდა საიდუმლო გასამხედროებული დანაყოფები, თუმცა ვინ ხელმძღვანელობდა ამ დანაყოფებს მისთვის უცნობია, რადგან საქმე აღძრა პროკურატურამ და შესაბამისად, საქმის დეტალები აქვს პროკურატურას. მისივე თქმით, ასეთი დანაყოფები მისი მინისტრობის დროს გაუქმდა და შესაბამისად, მისი მინისტრობის დროს გია უდესიანი რომელიმე დანაყოფს არ ხელმძღვანელობდა.
"მე ოპოზიციაში ყოფნის დროს ვსაუბრობდი სწორედ იმ დაჯგუფებებზე, რომელიც გასამხედროებული იყო. განსაკუთრებით, ეს დაჯგუფებები იყო დასავლეთ საქართველოში, სადაც არჩევნების დროს მე ვიყავი. ეს საფრთხეს ქმნიდა სამოქალაქო დაპირისპირების. საზოგადოება, პრაქტიკულად, არ იყო ინფორმირებული თუ რისთვის იყო ეს ჯგუფები შექმნილი. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გვქონდა, მათ შორის "ქართულ ოცნებას", რომ ეს დაპირისპირება თავიდან აგვეცილებინა. ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ შს სამინისტრომ მოიძია მასალები და დადასტურდა ამ ქვედანაყოფების არსებობა. ჩემი მინისტრობის პერიოდში ასეთი ქვედანაყოფები და შესაბამისად ასეთი ხელმძღვანელები აღარ ყოფილან. როგორც კი ხელისუფლების ცვლილება მოხდა, იმავე წუთს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პროკურატურაში და პროკურატურას ყველა მასალა აქვს წაღებული, ამიტომ ჩემთვის დეტალები უცნობია, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ხელმძღვანელობდა ამ დანაყოფებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
გია უდესიანმა გუშინ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტოში არსებულ საიდუმლო დანაყოფს ხელმძღვანელობდა.