ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორის მაიკლ ლინკის განცხადებით, ისინი მუდამ ამჯობინებენ ფაქტებს, ვიდრე ჭორებს, ამიტომ ადგილზე მათი ჩართულობა უფრო ნაყოფიერი იქნება.
მაიკლ ლინკმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როდესაც მოიწვია ODIHR-ი, ისევე როგორც ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რათა ისინი ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების სისტემურ მონიტორინგში ჩართულიყვნენ.
„ასე სისტემურად და ხანგრძლივად საქართველოში მიმდინარე მოვლენებისთვის მონიტორინგი არასოდეს გაგვიწევია და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ ჩვენ ამ ფუნქციით მოგვიწვია. ჩვენ რა საკვირველია შევისწავლით იმ კრიტიკულ ასპექტებსაც, რომელიც შესაძლოა საქართველოს კანონმდებლობაში არსებობდეს. რა საკვირველია, ჩვენ მუდამ ვამჯობინებთ ფაქტებს, ვიდრე ჭორებს. ამიტომ, ჩვენი პირდაპირი ჩართულობა სასამართლო პროცესებში გაცილებით უფრო ნაყოფიერი იქნება. ამის თაობაზე ანგარიში უკვე დაიწერა. ის გარკვეულწილად კრიტიკულია, მაგრამ ეს რასაკვირველია, ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას წაადგება იმისთვის, რომ გასწორდეს საკანონმდებლო ბაზა და საბოლოო ჯამში საქართველოს კანონმდებლობა ჩვენს სტანდარტებს შევუსაბამოთ“, - განაცხადა ლინკმა.
ODIHR-ის დირექტორმა ასევე აღნიშნა ის რეფორმები, რომელსაც პარლამენტი და სახელმწიფო ახორციელებს. მაიკლ ლინკმა ასევე განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ნაწილებია, რადგან აღნიშნულ ერთეულებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არცერთი ქვეყანა არ აღიარებს.
„ჩვენთან პარტნიორობაში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობა შემოდის, რომელიც ერთადერთი ოფიციალური სუბიექტია ამ ტერიტორიებთან მიმართებაში. ჩვენ ნათლად ვხედავთ საქართველოს ლტოლოლვას ევროგაერთიანებისკენ. რეფორმები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება, იქნება ეს არჩევნები, ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგი თუ სხვა“, - განაცხადა ლინკმა.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორი საქართველოს 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ODIHR-ის დელეგაცია ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას - წეროვანს ესტუმრება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს მოინახულებს.