"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი მხრიდან არანაირი საიდუმლო ინფორმაცია არ გავრცელებულა.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რაზეც საუბრობდა, აბსოლუტურად ხელმისაწვდომი ინფორმაციაა ყველასთვის.
"არასდროს დამიმალავს, რომ პოლიტიკური ნება უნდა იყოს ქვეყანაში, რომ ქვეყანამ საკუთარი თავი დაიცვას. არც ერთ შემთხვევაში არ მისაუბრია არც ოპერატიულ, არც ტაქტიკურ, არც ტექნიკური ხასიათის მონაცემებზე, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის არის საჭირო. მე ვისაუბრე საფრთხეებზე, რომელსაც ავიცილებდით იმ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ასეთ სისტემაზე უარი რომ არ ეთქვათ", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, რაც შეეხება საპარლამენტო დროებითი კომისიის შექმნას, ალასანიას განცხადებით, ეს იქნება კომისია, რომელიც დაადგენს, ვინ ანხორციელებდა საბოტაჟს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, ვინ იყო მართალი და ვინ - მტყუანი.
"ეს იქნება დროებითი კომისია და პირველივე შესაძლებლობისთანავე შესაბამის პროცედურებს დაიწყებს ჩვენი საპარლამენტო ფრაქცია. აქ მოხდება ლუსტრაცია, აქ მოხდება რეალურად იმის განსაზღვრა, თუ ვის უნდა რეალურად სიმართლის დადგენა და ვის აქვს პრაქტიკულად საბოტაჟი ჩადენილი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების მიმართ. ეს უნდა გაირკვეს. ასეთი კომისიაზე უარი ჩემი და საზოგადოების მხრიდან აღიქმება როგორც რომ მათ არ სურთ სიმართლის გარკვევა", - განაცადა ალასანიამ.