ჩვენ ვხელმძღვანელობთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე

ჩვენ ვხელმძღვანელობთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დღეს სასტუმრო "რედისონში" ფედერაციის წარმომადგენლებსა და სამინისტროს წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე საპარლამენტო კომიტეტის წევრების დაუსწრებლობას სამწუხაროს უწოდებს.

როგორც დახურული შეხვედრიდან გამოსულმა ლევან ყიფინმა განაცხადა, სამწუხაროა, რომ ამ სხდომას არ დაესწრნენ ოლიმპიური კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წარმომადგენლები.

"კითხვები, რომლებიც არსებობს, ამ კითხვებზე გვინდოდა გაგვეცა პასუხი. ამას მომავალშიც გვაკეთებთ. გარდა ამისა, ჩვენ ფედერაციებს ჩავაბარეთ ანგარიში თუ რა მოხდა, რატომ არის ასეთი გაუგებარი სიტუაცია სპორტულ ოჯახში. ეს არ არის კარგი, ეს ხელს არ უწყობს იმ სტაბილურობას, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ მომავალში უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშომლოთ ერთმანეთთან, რათა მაქსიმალურად იქნას ის შედეგი მიღწეული, რაც ჩვენს გულშემატკივრებს სურს", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

მისივე განმარტებით, საზოგადოებას არ აინტერესებს დაძაბულობა.

"მე მზად ვარ ვუპასუხო ყველა იმ კითხვას, რომელიც ისმის, რომელიც არსებობს და სპორტი გახლავთ ის თემა, რომელშიც არ უნდა იყოს ჩასაფრებულობა, პიროვნული ფაქტორები, ამიტომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, სპორტის წარმომადგენლებმა უნდა იმუშაონ იმაზე, რომ უფრო მეტი გამარჯვება მოუტანონ ქართულ სახელმწიფოს.

"მე ვიქნები კმაყოფილი იმით, რომ წლების მერე გავასეირნო ჩემი შვილი და ვანახო ყველა ის ობიექტი, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობის დროს გაკეთდება საქართველოში. ყველას მინდა მოვუწოდო კონსტუქციულობისკენ. მე ამისთვის გადავდგამ პირველ ნაბიჯს. მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

სასტუმრო "რედისონში" სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებისა და სამინისტროს წევრებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.