„ეს არის ტყული და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი სახელმწიფოებრივი საკითხებით სპეკულირება ხდება“

„ეს არის ტყული და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი სახელმწიფოებრივი საკითხებით სპეკულირება ხდება“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებით სპეკულირებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის ირაკლი ალასანიას ბრალდებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერეო. ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებაზე მე მგონი, მე არ უნდა გავაკეთო კომენტარი. ეს არის ტყული და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი სახელმწიფოებრივი საკითხებით სპეკულირება ხდება. ამაზე რაიმე სერიოზულ კომენტარს მე ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეზე  ალასანიას განცხადებებს, ამაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას

„მე გეტყვით ერთს რამეს, რომ ჩვენ საერთაშორისო სტანდარტებს ვნერგავთ ის, რაც არის მსოფლიოში და განვითარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში. სულ რამდენიმე დღის წინ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წინააღმდეგ იქნა რამდენიმე ბრალი წაყენებული კორუფციული ბრალდების მუხლით. ე.ი აღნიშნული პიროვნება, ბატონი მენენდესი პასუხისგებაში იქნა მიცემული. შესაბამისად, ჩვენს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ ჩვენ კანონზე მაღლა არავის არ დავაყენებთ. არც ერთი ადამიანი პრივილეგირებული არ უნდა იყოს. იქნება ეს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი თუ სამინისტროს თანამშრომელი, აბსოლუტურად არავინ. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ვერავინ დადგება კანონზე მაღლა. ეს არის ჩემი მთავარი პრინციპი და ჩვენი თავარი მიდგომა“, - აღნიშნა პრემიერმა.

მან  უპასუხოდ დატოვა კითხვა, მართლა განხორციელდა თუ არა მისი დავალებით ირაკლი ალასანიას მიმართ სატელეფონო ზარი პარიზში.

ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფუნდამენტური თავდაცვითი შესაძლებლობის შეძენაზე საქართველოს მოქმედმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ათქმევინეს უარი. ალასანიას თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელი მდივანი მინდია ჯანელიძე მას პრემიერ-მინისტრის სახელით დაუკავშირდა, რომ საფრანგეთის შესაბამის ინდუსტრიებთან მემორანდუმზე ხელი არ მოეწერა. ალასანიას თქმით, მისთვის ეს თხოვნა გასაკვირი იყო იმ ფონზე, როდესაც ყველა დეტალი, როგორც პრემიერთან ისე უსაფრთხოების კაბინეტის წარმომადგენლებთან შეთანხმებული იყო.  თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საფრანგეთში გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში ქვეყანა საჰაერო სუვერენიტეტზე სრულ კონტროლს აიღებდა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი პარტია საფრანგეთში გაფორმებული მემორანდუმის შესასწავლად დროებითი კომისიის შექმნის მოთხოვნას პარლამენტში უახლოეს პერიოდში შეიტანს.