ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი კომპანია

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი კომპანია "არემჯი ჯგუფის" წილის მფლობელია

კომპანია "არემჯი ჯგუფის" დირექტორის დიმიტრი ტროიცკის განცხადებით, კობა ნაყოფია კომპანიის წილს დღემდე ინარჩუნებს.

ტროიცკი აცხადებს, რომ"ნაციონალური მოძრაობის" წევრი წილის მფლობელი მათ მიერ ბიზნესის შეძანამდეც იყო. "არემჯი ჯგუფის" დირექტორი ასევე განმარტავს, რომ საყდრისის საბადოს აღმოჩენებისთვის განკუთვნილი მუზეუმის მშენებლობა, მის კონცეფციაზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყება.

"ამ ეტაპზე ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ მუზეუმის კონცეფციაზე, რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც კონცეფცია დამტკიცდება და დასრულდება პროექტირება, შევუდგებით პროექტის რეალიზაციას. მშენებლობა გაგრძელდება დაახლოებით ერთი წელი.  ვფიქრობ, ეს იქნება ერთ–ერთი საინტერესო ადგილი რაიონში, სადაც განთავსდება აღნიშნულ მიდამოებში ნანახი აღმოჩენები. რაც შეეხება კომპანიის აქციონერებს, ამ ეტაპზე 22% წილის მფლობელი არის კობა ნაყოფია, ის ფლობდა  წილს მანამ, ვიდრე ჩვენ ვიყიდდით ამ ბიზნესს", - განაცხადა ტროიცკიმ.

კომპანია "არემჯი ჯგუფის" დირექტორის თქმით, ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კომპანიას საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მისცა.

"ეს ერთადერთი ალტერნატივა იყო კომპანიის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და შემდგომი ინვესტირებისთვის. დღეს კომპანია მუშაობს, მაგრამ არ ცხრება პოლიტიკური ვნებათაღელვა. არ მინდა ეს ვინმემ პოლიტიკისთვის გამოიყენოს, რადგან  ამ კომპანიის უკან 3 ათასი ოჯახი დგას", - განაცხადა დიმიტრი ტროიცკიმ.