სამწუხაროა, რომ ბავშვები დღეს საქართველოში ყველაზე დაუცველი ჯგუფია, - ამის შესახებ ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის წარდგენისას, რომელიც სწორედ ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საშა გრაუმანმა განაცხადა.
საშა გრაუმანმა იმედი გამოთქვა, რომ ომბუდსმენის მიერ, ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე სახელმწიფო უწყებების მიმართ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდება.
"გაერო-ს ფონდი სახალხო დამცველის ოფისს ბავშვთა უფლებების მონიტორინგის განხორციელების საქმეში და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება. ანგარიშში რამდენიმე პრობლემა გამოვლინდა, მათ შორის არასაკმარისი ხელმისაწვდომობა სკოლამდელი განათლებისა ბავშვებისათვის - არიან ღარიბი ბავშვები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ სკოლამდელ განათლებაზე და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ასევე დგას ხარისხის პრობლემა - ხარისხი არ არის სათანადო. იმედია, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ჯეროვანი ყურადღება მიექცევა", - განაცხადა გრაუმანმა.
მისი თქმით, unisef ეხმარება განათლების სამინისტროს და შემუშავდა კანონი, "სკოლამდელი განათლებისა და ადრეული განათლების შესახებ", რომელიც უზრუნველყოფს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განათლების ხარისხი გაუმჯობესდეს.
"ეს კანონი აწესებს სავალდებულო ერთწლიან პერიოდს ბავშვის მოსამზადებლად, სკოლისათვის. იმედია მალე იქნება ეს კანონი მიღებული და ის იქნება სავალდებულო - ყველა ბავშვისთვის დაწესდება სავალდებულო 5-წლიანი სწავლება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების გაუმჯობესებას საქართველოში", - განაცხადა საშა გრაუმანმა, რომელიც სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დაესწრო.