ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეთნიკურ უმცირესობებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეთნიკურ უმცირესობებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის და იყვნენ საზოგადოებაში ინტეგრირებული. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, ახალი სამთავრობო პროგრამის: "ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვემო ქართლის რეგიონში 119 სკოლა გაარემონტეს.

"გასულ წელს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში ავაშენეთ ახალი საჯარო სკოლა; ნაწილობრივ აღვადგინეთ პროფესიული სასწავლებელი და სარეაბილიტაციო სამუშაოები წელსაც გაგრძელდება.

ასევე წელს დაგეგმილი გვაქვს 40 სკოლის რეაბილიტაცია, კიდევ ერთი საჯარო სკოლის მშენელობა და ასევე მარნეულის პირველი სკოლის ახალი შენობის პროექტირება. ამჟამად ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ რეგიონში მდებარე ავარიული სკოლების მდგომარეობას, იმისათვის, რომ გვქონდეს ზუსტი პასუხი იმაზე, თუ კონკრეტულად რომელ სკოლას სჭირდება აღდგენა.

დღეს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის და იყვნენ სრულად ინტეგრირებული ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ვახორციელებთ სპეციალურ პროგრამას ახალგაზრდებისათვის. ამ პროგრამის მიზანია ქართული ენის შესწავლა. ეს არის ძალიან საინტერესო და თანამედროვე სტანდარტების პროგრამა, რომლის საშუალებითაც ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ჩვენს ძმებს, მოქალაქეებს, საშუალება ეძლევათ უფასოდ, დისტანციურად, ელექტრონულ ფორმატში, ონლაინრეჟიმში ისწავლონ სახელმწიფო ენა", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ეს მართლაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა განათლების დონის გაუმჯობესებისა და სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობისათვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ჯანდაცვაზეც და აღნიშნა, რომ ქვემო ქართლის 7 რაიონულ ცენტრს უკვე ჰყავს 25 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. რეგიონში გაიხსნა 6 ახალი ამბულატორია.