საჭიროა, მთავრობა უფრო ინტენსიურად იყოს ჩართული რეგიონის პრობლემების მოგვარებაში

საჭიროა, მთავრობა უფრო ინტენსიურად იყოს ჩართული რეგიონის პრობლემების მოგვარებაში

ამ ორი წლის განმავლობაში, რაც განვახორციელეთ რეგიონში, არის მართლაც შთამბეჭდავი, თუმცა ეს არ არის საკმარისი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, პროექტ "ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა, რომ მთავრობა უფრო ინტენსიურად იყოს ჩართული რეგიონის პრობლემების მოგვარებაში.

"დღეს აქ ვართ, რათა უფრო ეფექტურად გავდგათ ნაბიჯები რეგიონების განვითარების მიმართულებით. ჩვენი მთავრობის მხრიდან ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა რეგიოონების განვითარებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წინა მთავრობის დროს, 8-10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ასეთი ყურადღება. ამ ორი წლის განმავლობაში რაც განვახორციელეთ რეგიონში არის მართლაც შთამბეჭდავი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ძალიან კარგად მესმის და ვიცი რეგიონში არსებული პრობლემატიკა. არის უამრავი რესურსი, პოტენციალი, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიყენებთ. ამ რესურსებს ჭირდება ერთობლივი ძალისხმევით ათვისება. რა თქმა უნდა საჭიროა, რომ მთავრობა უფრო ინტენსიურად იყოს ჩართული რეგიონის პრობლემების მოგვარებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, პროექტ "ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე.

მისივე თქმით, პროექტის შედეგად უფრო ეფექტურად გადაიდგმენა ნაბიჯები რეგიონების განვითარების მიმართულებით, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და წარმოების აღდგენა მოყვება.

მისივე თქიმთ, ქვემო ქართლში ბევრი რამ გაკეთდა: მთავრობის ძალისხმევის შედეგია ის, რომ ქვემო ქართლში, მხოლოდ გასულ წელს 47 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ეს ინვესტიციები ჩაიდო გადამამუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგებში.

"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლში ჩვენ გავეცით 5 500-მდე სესხი, რომელთა საერთო ღირებულება 114 მილიონ ლარზე მეტია. ამავე პროექტის ფარგლებში დავაფინანსეთ 18 ახალი საწარმო და ამისათვის 9 მილიონ ლარზე მეტი გავეცით. გარდა ამისა, სახელმწიფოს დახმარებით რეგიონში გადაიარაღებულია 89 საწარმო და ამისათვის გაცემულია 18 მილიონ ლარზე მეტი.

პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" - ფარგლებში, 12 საწარმო, მათ შორის 10 ახალი საწარმო, 13,9 მილიონზე მეტი დოლარით დაფინანსდა. მეწარმეებს გადაეცათ 3,6 მილიონი ლარის ოდენობის ქონება. მოგეხსენებათ, ჩვენ ვეხმარებით რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში. მიმდინარე წელს საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ჩვენ დავეხმარეთ 92 ათასზე მეტ ბენეფიციარს და ამისათვის გამოყოფილია 7-მილიონნახევარ ლარზე მეტი ღირებულების სარგებელი. გასულ წელს 100 ათასზე მეტ ბენეფიციარს დავეხმარეთ, 2013-ში კი - 105 ათასზე მეტს. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ განვავითაროთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. ქვემო ქართლის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მინიჭებული აქვს 94 კოოპერატივს. ისინი მუშაობენ მემარცვლეობის, მებოსტნეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის მიმართულებით და მათ სახელმწიფოსგან აქვთ მაქსიმალური მხარდაჭერა. სახელმწიფომ მათ შეღავათიანი პირობებით გადასცა მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკის კომპლექტები და ხელის სათესები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პირველად საქართველოში, 2014 წლის სექტემბრიდან ხორციელებდება აგროდაზღვევის პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერებს დააზღვიონ საკუთარი მოსავალი. პრემიერის ინფორმაციით, ამ პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლში გაცემულია 207 პოლისი. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 6-მილიონნახევარ ლარზე მეტია.

"მინდა ასევე გითხრათ, რომ რეგიონში აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ქვემო ქართლისთვის. რეგიონში ფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მარნეულის საველე სადგური, რომელიც ნაყოფიერად მუშაობს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკაზე. ამჟამად სადგურში მიმდინარეობს სურსათისა და წყლის ბაქტერიოლოგიური კვლევების დანერგვა. რეგიონში გატარდა ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებები ვეტერინარიის მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ტარდება სპეციალური ღონისძიებები სარწყავი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კუთხით. ღარიბაშვილის ინფორმაციით, "ამჟამად მიმდინარეობს 28 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები. წელს იგეგმება 2014 წელს დაწყებული 10 ობიექტის დასრულება და 3 ახალ ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.

პრემიერმა ისაუბრა რეგიონის ინფასტრუქტურის თაობაზეც. მისი თქმით, ქვემო ქართლში ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტრული პროექტი - თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა.

"ამ ეტაპზე შენდება პირველი და მესამე მონაკვეთები, რომელთა საერთო ღირებულება 88 მილიონ ლარზე მეტია. მიმდინარე წელს გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი მეორე მონაკვეთზე, რომლის საორიენტაციო ღირებულება 116 მილიონი ლარია. მინდა აღვნიშნო, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულია 250 კაცი. ჩვენი ქვეყნისთვის ყოველი ახალი სამუშაო ადგილი მნიშვნელოვანია და ამიტომ ჩვენ ხელს ვუწყობთ დ ა მივესალმებით ყოველი ახალი და სასარგებლო პროექტის განხორციელებას. რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, - ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ქვემო ქართლს აღარ ჰქონდეს წყლით მომარაგების პრობლემა. დასრულებულია მარნეულში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული სამუშაოები. პროექტის ღირებულება დაახლოებით 800 ათასი ლარია. დაწყებულია ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ამასთანავე, მოხდება არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანება და ტანძია–ბოლნისის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია. უკვე მომავალ წელს, ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ბოლნისი უზრუნველყოფილი იქნება 18 - 24-საათიანი წყალმომარაგებით. ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენ გვეხმარება ევროპის საინვესტიციო ბანკი. პროექტის ღირებულება თითქმის 3.5 მილიონი ლარია. მიმდინარე წელს ვგეგმავთ წალკის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასაც. ეს გახლავთ 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი. წელსვე იგეგმება თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ამ პროექტის ღირებულება 2 მილიონზე მეტია. ჩვენ მოვაგვარებთ ისეთ სასიცოცხლო პრობლემას ქვემო ქართლის მოსახლეობისთვის, რომელიც წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩებოდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 2013-14 წლებში შეეთედა 353,51 კმ საავტომობილო გზა. ასევე, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

"გარდა ამისა, რეგიონში ვახორციელებთ მყარი ნარჩენების მართვის პროექტებს, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის რომ ჩვენ, ჩვენმა ოჯახებმა, ჩვენმა მომავალმა თაობებმა ჯანსაღ გარემოში იცხოვროს", - განაცახადა პრემიერმა.

რაც შეეხება რეგიონში განხორციელებულ ენერგეტიკულ პროექტებს, ღარიბაშვილის თქმით, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ,,სინათლე ყველა სოფელს" პროექტის შედეგად, ელექტროენერგია მიეწოდება სოფელ საგუთლოს, სადაც წლების განმავლობაში უშუქოდ ცხოვრობდა ხალხი. მისივე თქმით, დღეს ქვემო ქართლში არც ერთი სოფელი არ არის უშუქოდ დარჩენილი.

"მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი მთავრობა ახორციელებს ამ პროექტს და 21-ე საუკუნეში საქართველოში არც ერთი ჩაბნელებული სოფელი აღარ გვექნება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაიწყო 230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა. ეს არის 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია. მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაგეგმილია თბოსადგურის ამუშავება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. აქვე გეტყვით, რომ ქვემო ქართლში ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზე იმყოფება "დებედაჰესი", ხოლო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზე - "თრიალეთიჰესი".

2013-2014 წლებში ქვემო ქართლში ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებელობა მიეცა 15 ათას ოჯახს; ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 16 ათასზე მეტ ოჯახს, რის შედეგადაც მოსახლეობა გაუმჯობესებულ მომსახურებას იღებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.