პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის დიმიტრი ხუნდაძის აზრით, მედიასაშუალებებით სუიციდის შემთხვევების გაშუქება უნდა შეიზღუდოს.
დიმიტრი ხუნდაძე დღეს კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მრჩევლებს ხვდება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა მედიასაშუალებებით სუიციდის და მკვლელობის ფაქტების გაშუქების საკითხებია.
"მედიასაშუალებებით სუიციდის ფაქტების გაშუქების რაოდენობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. აქ ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ: - პირველი, სუიციდის შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ, ხშირია ჩვენს ქვეყანაში და მეორე, თავად ამ შემთხვევების მედია საშუალებებით გაშუქების საგანგაშო მდგომარეობა. ეს არის ადამიანის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც საინფორმაციო პროპაგანდის შედეგად შესაძლოა დასაშვები და მაპროვოცირებელი გახდეს სხვისთვისაც. ასევე, ეს განსაკუთრებით დამთრგუნველია მსმენელისთვის. რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მედიასაშუალებები ვერ მოაგვარებენ, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა მიმართულებით, მაგრამ, მედია როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქნელი ყველაზე მძლავრი საშუალება, ხელს უწყობს ადამიანის ცნობიერებაში ამ ფაქტის დაშვებადობას", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დღეს კომიტეტთან არსებული მრჩეველთა საბჭოს სპეციალისტებთან ერთად იმსჯელებენ, რა ფორმით შეიძლება მოხდეს მსგავსი ფაქტების გაშუქება და მოსახლეობამდე მიტანა, ან უნდა მოხდეს თუ არა საერთოდ.
"ეს არ არის კრიმინალი, რომელიც შეიძლება შესაბამისი უწყებების არაკომპეტენტურობის გამო ხდებოდეს ქვეყანაში და ამაში ბრალი დავსდოთ ვინმეს. ეს არის განსაკუთრებული ფსიქიკური შემთხვევა, რომლისგანაც არ არის დაზღვეული არც ერთი ევროპული ქვეყანა. ჩვენ ეს სიმშვიდის უფლებას არ გვაძლევს და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ყველა მიმართულებით გატარდეს შესაბამისიი ღონისძიება, მათ შორის, მედია საშუალებებით სუიციდის ფაქტების ფართომასშტაბიანი პროპაგანდის შეზღუდვა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.