ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩი ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში იურის პოიკანსი საქართველოს ურჩევს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის გულმოდგინედ იმუშაოს.
როგორც იურის პოიკანსმა „პირWელთან“ ინტერვიუში განაცხადა, ევროინტეგრაციის პროცესი გარკვეულ მოთმინებას მოითხოვს.
„ნატო და ევროკავშირი - ეს საქართველოს სუვერენული არჩევანია. საქართველოს გარედან არავინ კარნახობს. ეს გზა არ იქნება მარტივი, მაგრამ ის საქართველომ და მისმა ხალხმა აირჩია. ინტეგრაციის პროცესი მოითხოვს გარკვეულ მოთმინებას რეფორმების განხორციელებისას. თუ გარკვეულ ისტორიულ პერიოდში რაღაც არ გამოდის, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალშიც არ გამოვა. ყველაზე მნიშვნელოვანია მოთმინების მოკრება და მუშაობა. ყველაფერი თვითონ საქართველოზეა დამოკიდებული“, - განაცხადა მან „პირWელთან“ საუბრისას.
იურის პოიკანსმა ასევე აღნიშნა, რომ მაისში დაგეგმილი ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტი საქართველოსთვის წარმატებული“ იქნება.
„ყველაზე მთავარია გულმოდგინე, ყოველდღიური მუშაობა საკუთარი ქვეყნის გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა დიპლომატმა.
ცნობისთვის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (Eastern Partnership - EaP) წინადადება, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) თანამშრომლობის ახალი ფორმატი, თავდაპირველად შვედეთისა და პოლონეთის მიერ შემუშავდა.
2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებულმა რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ აღნიშნული პროცესის დაჩქარება გამოიწვია და ამ ინიციატივისადმი ევროკავშირის დადებითი გამოხმაურება გარკვეულწილად განაპირობა კიდეც. შესაბამისად, 2008 წლის დეკემბერში, ევროკომისიას ამ ინიციატივასთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა დაევალა. ევროკომისიამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ კომუნიკაცია 2008 წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა, რომელიც 2009 წლის 19 მარტს ევროპული საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გზით, ხელს უწყობს პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას, საერთო ფასეულობების გავრცელებას, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებასა და ეკონომიკურ განვითარებას.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება, რომლის ძირითად მიზანს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს. პირველი სამიტი 2009 წლის 7 მაისს, ევროკავშირის იმჟამინდელ თავმჯდომარე ქვეყანაში ჩეხეთში, გაიმართა, მეორე სამიტი 2011 წლის 29-30 სექტემბერს პოლონეთში, ვარშავაში შედგა, მესამე სამიტი კი 2013 წლის 28-29 ნოემბერს ლიტვაში, ვილნიუსში ჩატარდა. მორიგი სამიტი ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე წლის მაისში იგეგმება. საქართველო რიგის სამიტისგან ევროკავშირთან დაახლოების კუთხით მკაფიო სიგნალებს ელოდება.