ირანმა და

ირანმა და "ექვსეულმა" ბირთვულ პროგრამაზე ჩარჩოშეთანხმებას მიაღწიეს

ირანმა და საერთაშორისო "ექვსეულმა" რვადღიანი მოლაპარაკებების შედეგად ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ჩარჩოშეთანხმებას მიაღწიეს. 

"როიტერის" ცნობით, საბოლოო შეთანხმებას მხარეებმა 30 ივნისამდე უნდა მიაღწიონ. საერთაშორისო "ექვსეული" - აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი თეირანისგან ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითხოვს, კერძოდ, თეირანმა ურანის ცენტრიფუგების ორი მესამედი უნდა დახუროს. სანაცვლოდ კი დასავლეთი მზად არის დაწესებული სანქციების გაუქმებისთვის. თუმცა, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, დასავლეთი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს.

ჩარჩო შეთანხმების მიღწევას თეირანში მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ მოლაპარაკებების შედეგს ისტორიული უწოდა. თუმცა, განაცხადა, რომ ეს საბოლოო წარმატებას არ ნიშნავს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევა უფრო რთული იქნება. 

მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს მიაჩნია, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ქმნის, თუმცა, თეირანი ამტკიცებს, რომ ბირთვულ პროგრამას იგი მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისთვის იყენებს.