8 აპრილის ჩათვლით ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

8 აპრილის ჩათვლით ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში 8 აპრილის ჩათვლით ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს ღამით მთელ საქართველოში წვიმდა, მთასა და მაღალმთაში კი თოვდა. 

ამჟამად თოვს რიკოთზეც, სადაც თოვლის საფარი დაახლოებით 12 სმ აღწევს. ღამით თოვდა ასევე ხულოში, სადაც თოვლის საფარი 5 სმ-ია. 

ღამით ძლიერი ქარი დაფიქსირდა აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც ქარის სიჩქარე 26 მეტრი წამში იყო, თბილისში კი 18 მეტრი წამში. 

ძლიერი წვიმა და ქარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხვალაც მოსალოდნელია. აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა ღამით დაიწყება. დღისით იწვიმებს დასავლეთ საქართველოშიც. ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რეგიონებში იქნება თოვლი. 

ამასთან, ხვალ დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 20-22 მეტრი წამში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 20-25 მეტრი. 

5 აპრილიდან საქართველოში რამდენიმე დღით გამოიდარებს. 8 აპრილს კი კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.