ბრიტანეთმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ბრიტანეთმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ ჰამონდმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტს ხელი მოაწერა, რითიც ბრიტანეთმა დოკუმენტის რატიფიკაცია დაასრულა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბრიტანეთის პარლამენტში, ლორდთა პალატამ 2015 წლის 9 მარტს ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას, რის შემდეგაც 2015 წლის 19 მარტს დოკუმენტი განიხილეს ე.წ. საიდუმლო საბჭოში და იგი ხელმოსაწერად გადაეგზავნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. 

"ბრიტანეთი შეუერთდა იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ასოცირებას ევროკავშირთან. მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთმა დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა რიგის სამიტამდე, რითიც კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ბრიტანეთში ასევე არის პოზიტიური განწყობა, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრიტანეთს ეს არ შეეხება და მას აქვს საკუთარი სავიზო რეჟიმი. მაგრამ კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ აშკარაა და ეს მნიშვნელოვანია" - განაცხადა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ.