პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოებში შესაძლოა, პარლამენტის წევრები ჩაერთონ.
როგორც ცნობილია, პენიტენციალური სისტემის რეფორმირების მიზნით, "პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ფარგლებში სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი კომისიის – ე.წ. ედოს კომისიის გაუქმება იგეგმება, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სუბიექტებთან ერთად, უმრავლესობის და უმცირესობის წევრებიც შედიოდნენ. პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით კი, გადაწყვეტილებას მხოლოდ ადგილობრივი საბჭოები მიიღებს.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვისას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, სამინისტროსთან შედგა კონსესუსი, რომ ახალი, უკეთესი მოდელის შემუშავებამდე, პარლამენტის მიერ არჩეული პირები ადგილობრივ საბჭოებში დარჩნენ. ბესელიას თქმით, ეს საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით არის საჭირო.
პენიტენციალური სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით იმ მუხლების გარეშე მიიღებს, რომელიც უშუალოდ ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოებს ეხება. როგორც ბესელიამ აღნიშნა, საკითხის მესამე მოსმენით დამტკიცებამდე შემუშავდება ნორმები, რომელიც პარლამენტის წევრების ადგილობრივ საბჭოებში მონაწილეობის საკითხს დაარეგულირებს.