გია ვოლსკის IRI-ს კვლევები არ მოსწონს

გია ვოლსკის IRI-ს კვლევები არ მოსწონს

 

საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ლიდერს გია ვოლსკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა, რომელიც პოლიტიკოსთა პერსონალურ რეიტინგებს შეეხება, არ მოსწონს.

,,რეიტინგთან დაკავშირებით საზოგადოებას ცოტა ეჭვები აქვს. რასაკვირველია, ზოგი აფასებს პოლიტიკური საქმიანობით, ზოგი - პიროვნულად. ასე, რომ ამ რეიტინგებს მე ყურადღებას არ მივაქცევდი, შეიძლება იმიტომ ვამბობ, რომ ჩემზეა დაბალი პიზიტიური რეიტინგი და ამიტომ არ მომწონს. მაგრამ ფაქტია, რომ დიდად მეცნიერულად ჩაღრმავება ამ საკითხზე არ ღირს. ისე ფაქტია, რომ უნდობლობა ძალიან დიდია ამ კვლევების მიმართ და მათ დიდი მუშაობა მოუწევთ იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა დაიბრუნონ. რაღაცეებზე უნდა დავფიქრდეთ. თუნდაც გვეჩვენობოდეს, რომ არასწორად იყოს გაკეთებული. ყოველ შემთხვევაში, უნდა ჩავურღმავდეთ და ანალიზი გავაკეთოთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

IRI-ს კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს აქვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან აცნობეს, IRI-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კვლევის ოფიციალურ მონაცემებს დაემატა პერსონალური რეიტინგები, რომელიც სხვა კითხვარებთან ერთად თავდაპირველად არ განსაჯაროებულა.

კვლევის შედეგების თანახმად, მოწონების რეიტინგში დავით სერგეენკო ლიდერობს, რომელიც გამოკითხულთა 62%-ს მოსწონს, 24%-ს არ მოსწონს, 5%-ს მის შესახებ არ სმენია, ხოლო 9%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ჯანდაცვის მინისტრს რეიტინგში საქართველოს პრეზიდენტი მოსდევს, რომელსაც ასევე 62%-ს მოსწონს, თუმცა დადებით და უარყოფით მაჩვენებლებს შორის მას უფრო ცუდი ბალანსი აქვს, ვიდრე დავით სერგეენკოს. კერძოდ, გიორგი მარგველაშვილი არ მოსწონს 30%-ს, 1%-ს მის შესახებ არ სმენია, ხოლო 7%-ს პასუხი არ აქვს.

გამოკითხულთა 57%-ს მოსწონს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, არ მოსწონს 34%-ს. ასევე, 57%-იანი მოწონების მაჩვენებლი აქვს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, რომელიც 36%-ს არ მოსწონს. ხუთეულის ბოლო წევრია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გამოკითხულთა 56%-ს მოსწონს, ხოლო 39%-ს _ არა.

სხვა პოლიტიკოსების რეიტინგები კი შემდეგნაირად გამოიყურება: თეა წულუკიანი მოსწონს გამოკითხულთა 51%-ს, არ მოსწონს 41%-ს; კახა კალაძე 48%-ს მოსწონს, 44%-ს - არა; გამოკითხულთა 47%-ს მოსწონს დავით ბაქრაძე, ხოლო 45%-ისთვის ის მოსაწონი არ არის.