ბელორუსი არასოდეს გახდება რუსეთის წევრი, - ამის შესახებ განცხადება ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ "ბლუმბერგთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ბელორუსი რუსეთის ჩრდილო-დასავლური მხარე უნდა იყოს.
"ჩვენ ამ მოსაზრებაზე გვაქვს კონკრეტული პასუხი: ჩვენ არ ვართ ჩრდილო-დასავლური მხარე. ჩვენ არ გვექნება რუსეთთან კონფლიქტი. დღეს რუსეთის მთავრობიდან ამის შესახებ არავინ სვამს კითხვას პირდაპირ. წარსულში კი იყო ამის მინიშნებები. ჩვენ ვიყავით და ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ეს ასე იქნება მომავალშიც", - განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა.
როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისთვის პირდაპირ ეს საკითხი არ დაუსვამს.
"მან იცის ამაზე როგორი რეაქცია მექნება. ჩვენ მსგავსი საუბრები არ გვქონია" , - აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისივე განცხადებით, მსგავს თემაზე მან ვლადიმერ პუტინთან რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ისაუბრა.
"მომეწონა როდესაც მან მაშინ თქვა, რომ რუსეთს არ სჭირდება სხვა ქვეყნის დაპყრობა, მათ შორის ბელორუსის. პუტინმა ასევე აღნიშნა: "რაში გვჭირდება ჩვენ მეტი? თქვენ ცხოვრობთ თქვენს ბინაში, ჩვენ - ჩვენსაში, ასევე ჩვენ ვართ ძმები, ჩვენ ერთმანეთთან სტუმრად მივდივართ", - განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელორუსის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ვინმე მათ თავს დაესხმება, იგი საკუთარ ტერიტორიას დაიცავს და იბრძოლებს მტრის წინააღმდეგ, იქნებიან ისინი ამერიკელები, ევროპელები თუ რუსები.