სოჭში მცხოვრები მოქალაქე კრასნოდარის იზოლატორში იხდის სასჯელს. ეკატერინე ხარებავა რუსეთის ფედერაციამ „სახელმწიფო საიდუმლოს გახმაურების“ ბრალდებით 2013 წელს დააკავა.
რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, ქალბატონი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარი ფაქტის გამო დააკავეს.
გამოცემის ინფორმაციით, ხარებავა სოჭის ბაზარში მოვაჭრედ მუშაობდა. 2008 წელს, ომამდე რამდენიმე დღით ადრე ადრე შენიშნა, როგორ გადაადგილდებოდა სოჭიდან საქართველოს მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონები და ამის შესახებ თბილისში მცხოვრებ მეგობარს შეატყობინა.
ხუთი წლის შემდეგ კი სოჭის „ეფ-ეს-ბე“-მ მოვაჭრის წინააღმდეგ საქმე აღძრა „სახელმწიფო საიდუმლოს გახმაურების“ ბრალდებით.
კრასნოდარის მხარის სასამართლომ ხარებავას განაჩენი გამოუტანა და თავისუფლება 6 წლით აღუკვეთა. რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ კი ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
როგორც „ნოვაია გაზეტას" დაკავებულის ადვოკატმა ლეონიდ ერჩენკომ შეატყობინა, ხარებავას კოლონიაში გადაიყვანენ, სადაც ის კიდევ 4 წელს გაატარებს.