გავლენიან ამერიკელ სენატორს, დემოკრატ ბობ მენენდესს კორუფციაში ადანაშაულებენ. "სიენენის" ცნობით, ნიუ-ჯერსელმა პოლიტიკოსმა ფლორიდელი ოფთალმოლოგისგან მილიონი დოლარის ღირებულების ქრთამი აიღო საჩუქრების სახით. სენატორს კიდევ რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, მათ შორის არის არასწორი განცხადებების გაკეთება და შეთქმულება ქრთამის აღების მიზნით.
ბობ მენენდესმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უკვე დატოვა, თუმცა, აცხადებს, რომ ის არ გაჩუმდება და იბრძოლებს მის მიმართ წაყენებული ბრალდებების წინააღმდეგ.
"ყოველთვის კანონის მიხედვით ვმოქმედებდი, ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ის მიზნად ჩემს გაჩუმებას ისახავს" , - განაცხადა მენენდესმა.
61 წლის სენატორი ხშირად აკრიტიკებდა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოლიტიკას ირანისა და კუბის მიმართ. იგი ერთ-ერთ გავლენიან კანონმდებელს წარმოადგენს კონგრესში. სწორედ მისი ავტორობით შემუშავდა კანონი ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ.