კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, საყდრისთან დაკავშირებით მათ ქმედებებს ვერ შეაფასებს როგორც სასამართლოსადმი უპატივცემულობად, - ამის შესახებ მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, როდესაც საყდრისთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ გუშინ პარლამენტში წლიური გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
"ეჭვი მაქვს, რომ დეტალური ინფორმაცია არ ჰონდა იმ მომენტისთვის პრეზიდენტს, მე ვერ შევაფასებდი ჩვენს ქმედებას როგორც სასამართლოს უპატივცემულობას. პირიქით, ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად შევასრულეთ სწორედ ის მოთხოვნა, რასაც პრაქტიკულად გვავალებდა სასამართლო", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საყდრისის შემთხვევა სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.
ამის შესახებ მარგველაშვილმა პარლამენტში გუშინ ყოველწლიური ანგარიშით წარდგომისას განაცხადა.
"სასამართლოსადმი პატივისცემა არა მხოლოდ სასამართლოს თავმჯდომარის და მოსამართლეთა ფუნქციაა, არამედ ეს ყველას გვევალება. ამის მაგალითად ვერ ჩაითვლება საყდრისის შემთხვევა და ის, რომ საყდრისის აფეთქება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მოხდა. სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს ის, რაც მოხდა საყდრისში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.