ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლების სახურავების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. აღმაშენებლის #51-სა და წინამძღვრიშვილის #55-ში მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.
„აღმაშენებლის #51-სა და წინამძღვრიშვილის #55-ში სახურავის შეცვლა თანადაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მოქალაქეებს ამ პროგრამის მეშვეობით ნაკლები თანხის გადახდა უწევთ. აქ მაცხოვრებლებს წლებია აწუხებთ აღნიშნული პრობლემა. მათ წერილობით მოგვმართეს ჩუღურეთის გამგეობას აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ შევისწავლეთ საკითხი და აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა სავალალო იყო და მივიღეთ გადაწყვეტილება სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყებისა,“ - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
56 065 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ფარგლებში გამოიცვლება სახურავის დამჭერი ხის მასალა, მოხდება თუნუქის სახურავით გადახურვა და შეიცვლება წყალსაწრეტი მილები. ორივე სახლის სახურავის ფართობი ჯამში 2100 კვადრატული მეტრია.
აღნიშნულ მისამართებზე სახურავების შესაკეთებლად სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 80%-ით დააფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა სამუშაოების ღირებულების მხოლოდ 20%-ს გადაიხდის. აღნიშნულ მისამართებზე 31 ოჯახი ცხოვრობს.
გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის 14 საცხოვრებელი სახლის, ჯამში 6 369კვადრატული მეტრის, სახურავების კაპიტალური რემონტისთვის უკვე გამოიყო 157 ათას 965 ლარი.
ამ დროისთვის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თხოვნით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 96 განცხადებაა შესული.