საქართველოს პარლამენტში არავინ უნდა დაინტერესდეს, რომ არჩეულ პრეზიდენტზე არაფორმალური ზეწოლა მიმდინარეობს? - აღნიშნული შეკითხვით საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა მიმართა.
წიკლაურის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი იმის შესახებ საუბრობს, რომ ერთი წლის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა მისი გადადგომისთვის მიეღწიათ.
ოპოზიციონერი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ზეწოლა "ოლიგარქ ივანიშვილისგან მოდის". მისივე შეფასებით, ქვეყანაში ადგილი აქვს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობას.
"მთავრობის უუნარობისა და უპასუხისმგებლობის სიმბოლოდ პრეზიდენტის მოსვლის დროს ცარიელი სკამები იქცა. დემარშით, რომელიც გუშინ საქართველოს მთავრობამ მოაწყო, ყველას თვალნათლივ დაანახა, რომ მისთვის არაფერს ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტები, საქართველოს პარლამენტი. არაფერს ნიშნავს ორგანო, სადაც ხალხის მიერ არჩეული ადამიანები ქვეყნის საშინაო თუ საგარეო ორიენტირებს განსაზღვრავს. მთავრობის მხრიდან ეს იყო პრეზიდენტის საჯარო დასჯა, რაც ახალი არ არის. გვახსოვს ყოვლად უგვანო დებატები მივლინებებზე, გვახსოვს უშიშროების საბჭოს პარალელური სტრუქტურის ჩამოყალიბება, რათა მიენიშნებინათ, რომ პრეზიდენტი ამ კუთხით არაფერს წარმოადგენს. კარგად გვახსოვს, როგორ შეჰპირდნენ პრეზიდენტს, რომ ანტიკრიზისულ გეგმას წარუდგენდნენ და შემდეგ მოვისმინეთ ამ გეგმის ცინიკური უარყოფა", - განაცხადა წიკლაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან აქვე აღნიშნა, რომ შექმნილ მდგომარეობაში გამოსავალია მთავრობის გადადგომა და ახალი არჩევნებისთვის მომზადება.