გიორგი ვაშაძე:   გუშინ ვნახეთ მთავრობა, რომელიც ხალხს ემალებ

გიორგი ვაშაძე: გუშინ ვნახეთ მთავრობა, რომელიც ხალხს ემალებ

პარლამენტს აქვს ღია დისკუსიის დიდი პრობლემა, რაც პარლამენტარიზმს კლავს, - ამის შესახებ დღეს პარლამენტის სესიაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლაზე დეპუტატებს პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ, რაც პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში.

"ჩვენ ვნახეთ პარლამენტი, რომელსაც ასევე აქვს დიდი პრობლემა ღია დისკუსიების, რომელიც კლავს პარლამენტარიზმს. პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში პრეცედენტი, რომ პრეზიდენტის მოსვლას არ მოყვა ღია დებატები. ჩვენ პარლამენტის წევრებს არ მოგვეცა შესაძლებლობა დაგვესვა შეკითხვა, გამოგვეთქვა ჩვენი პოზიცია. პარლამენტი არ არის მსმენელთა დარბაზი, პარლამენტი არის პოლიტიკური პლატფორმა და აბსოლუტურად ყველამ უნდა ისაუბროს ღიად და გახსნილად პრობლემებზე. ეს არის სწორედ დემოკრატიის ძირითადი ღირებულება. თუმცა დღეს ასე არ ხდება და ხდება პარლამენტის მაქსიმალურად დასუსტება. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა, ქვეყანაში არის მმართველობა, რომლის წყარო არა ხალხია, არამედ ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, გუშინდელი დღე ნათელი მაგალითი იყო თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში.

"გუშინ ვნახეთ მთავრობა, რომელიც ემალება ხალხს. ის არა თუ პატივს არ ცემს ინსტიტუტებს, არამედ არ სურს ღია დისკუსია. მას არ სურს მოისმინოს რეალურად რა პრობლემებია ქვეყანაში. მას არ სურს მოისმინოს თუ სად არის გამოსავალი, ღია კრიტიკა, ადამიანების გაჭირვებაზე და ეს ძალიან სამწუხაროა. გუშინ ვნახეთ პრეზიდენტი, რომელსაც აკლია გამბედაობა. ის საუბრობს გარკვეულ პრობლემებზე მაგრამ არ საუბრობს ამ პრობლების გამომწვევ მიზეზებს, ის საუბრობს გაბრწყინებულ საქართველოზე, მაგრამ არ საუბრობს თუ როგორ უნდა გაბრწყინდეს საქართველო, ის საუბრობს ქვეყნის თავდაცვისუნიარიანობაზე, მაგრამ მის გამოსვლას არ ესწრება თავდაცვის მინისტრი და არც გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, ის საუბრობს საგარეო პოლიტიკაზე თუმცა მისი სიტყვები არავის აინტერესებს. რაც ყველაზე სამწუხაროა, რომ ის კიდევ ამბობს, რომ აქვს იმედი დღევანდელი მთავრობა რაიმეს შეცვლას შეძლებს. ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით რომ ასე არ არის", - აღნიშნა დეპუტატმა.