მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის პირველი კვარტლის მონაცემებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც დაეთანხმა.
მინისტრი დაეთანხმა პრემიერს, რომ წლის პირველი კვარტლის შედეგები მართლაც ძალიან კარგია.
"საგადასახდო შემოსავლები წლიური გეგმის 24.1 პროცენტია. ასეთი მაღალი მაჩვენებელი წლის პირველ კვარტალში ფაქტობრივად არასდროს ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ფისკალური სამსახურები კარგად მუშაობენ. ბიუჯეტი არის უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც პროფიციტული. საზოგადოებას დავპირდით, რომ ბიუჯეტზე ლარის გაცვლით კურსს არ ექნებოდა გავლენა, რადგან უფრო მეტი თანხა ამოვიღეთ, ვიდრე დავხარჯეთ. ამავდროულად, ყველა სამინისტროს ხარჯვა 90%-ზე მაღალია, განსაკუთრებით მნიშნელოვანი კი ისაა, რომ ეს რიცხვი მაღალია კაპიტალურ პროექტებში, რაც ეკონომიკის განვითრებას ხელს უწყობს. ამავე დროს, გამოსწორებულია ექსპორტ-იმპორტის მდგომარეობა. ოპერატიული მონაცემები გვაქვს და მალე ამას სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად გამოვაქვეყნებთ", - განაცხადა ხადურმა.