დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე მას ორი მრჩეველი ჰყავს

დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე მას ორი მრჩეველი ჰყავს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე მას ორი მრჩეველი ჰყავს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, როდესაც IDFI-ს კვლევას გამოეხმაურა, რომელიც საჯარო უწყებებში მრჩევლებს ეხება.

დავით სერგეენკოს განცხადებით, თავდაპირველად მას ჰყავდა 5 მრჩეველი, თუმცა აპრილის მდგომარეობით, დარჩენილია 2 მრჩეველი. სერგეენკო ამბობს, რომ მათი შერჩევისას ნეპოტიზმის ნიშანწყალიც არ ყოფილა.

"რაც შეეხება მრჩევლებს, ამ შემთხვევაში ეს არის ქონებრივი მართვის საკითხები, იურიდიული საკითხები და საერთაშორისო ურთიერთობები, ისევე როგორც კორპორაციული უსაფრთხოების საკითხები", - განაცხადა სერგეენკომ.

კითხვაზე, ამ ფუნქციების დეპარტამენტი აქვს თუ არა სამინისტროს, სერგეენკომ განმარტა, რომ ამა თუ იმ დაწესებულებას, კერძო თუ საჯარო დაწესებულებას, აქვს ის ქვედანაყოფები, რომელიც ემსახურება მის ფუნქციონირებას, თუმცა, ხშირად გამოიყენება ე.წ. გარე რესურსები, რომელიც შეიძლება იყოს კონტრაქტზე დაფუძნებული.

ჯანდაცვის სამინისტროში არის ჯანდაცვის დეპარტამენტი, მაგრამ საყოველთაო ჯანდაცვისთვის ჩვენ გამოვიყენეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის რესურსები, იმიტომ რომ ამას ასე სჭირდებოდა. იურიდიული საკითხების და ქონების მართვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამმართველოები არსებობს, მაგრამ პირველ ხანებში კატასტროფული რაოდენობის ქონებრივი და შრომითი დავების გამო იძულებული ვიყავით, დროებით ისინი აგვეყვანა ხელშეკრულებით", - განაცხადა სერგეენკომ და აღნიშნა, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი.

რაც შეეხება კითხვას, ოდეერის ინსტიტუტთან დაკავშირებით, აქვს თუ არა მას ინფორმაცია, სერგეენკომ აღნიშნა, რომ მის უწყებაში ასეთი ხალხი არ არის.