ე.წ. კაბელების საქმეზე სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო

ე.წ. კაბელების საქმეზე სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო

ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო. თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატი ლევან სამუშია აცხადებს, რომ სხდომა ტექნიკური მიზეზის გამო გადაიდო. კერძოდ კი ხარვეზები იყო დოკუმენტაციის ნუმერაციაში. "ბრალდების მხარის მტკიცებულებებში იყო გარკვეული ხარვეზები სასამართლომ მხარეებს მისცა 15-დღიანი ვადა. შუამდგომლობის ეტაპზე დღეს არ გადავსულვართ. იმედია ეტაპი 15 აპრილს დაიწყება. პროცესის ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას შეეეხება, დაიხურება",-განაცხადა ლევან სამუშიამ

პროკურორ ნინო აღლემაშვილის თქმით კი მოსამართლეს შეკითხვები ჰქონდა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარესთან - მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებსა და დაცვის მხარისთვის გაცნობილ და გაცვლილ მტკიცებულებებს შორის შეუთავსებლობაზე. "ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემის საშუალება დღეს მხარეებს არ მიეცათ, რადგან ამის დრო დღევანდელ პროცესზე არ ყოფილა. მომდევნო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება ამ საკითხებთან დაკავშირებით, შევთავაზებთ მოსაზრებებს მოსამართლეს. ასევე, მოვისმენთ დაცვის მხარის პასუხებს“, - განაცხადა პროკურორმა.

წინასასამართლო სხდომა ე.წ. კაბელების საქმეზე 15 აპრილს 11 საათზე ჩაინიშნა.