„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემით შეწუხებულია.
გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი - 76 %, ქვეყნისთვის საფრთხის წყაროდ რუსეთის ფედერაციას აღიქვამს. მტრულად განწყობილი ქვეყნების რეიტინგში რუსეთის შემდეგ ყველაზე მაღალი - 5% აქვს აშშ-ს. შემდეგ მოდის თურქეთი - 4%, და ირანი - 3%. გამოკითხულთა 15%-მა ამ კითხვას პასუხი არ გასცა.
ქვეყნის მთავარ პარტნიორად გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 39% აშშ-ს ასახელებს, 36% - აზერბაიჯანს, 33%- უკრაინას, 31%- ევროკავშირს, 19% - თურქეთს, 18% - რუსეთს, სომხეთს -კი 14%.
გამოკითხულთა 90%-ზე მეტი ქვეყნის ურთიერთობას აზერბაიჯანთან, ევროკავშირთან და აშშ-სთან დადებითად აფასებს. თურქეთთან ურთიერთობას დადებითად აფასებს 89%, ხოლო უკრაინასთან - 88%. გამოკითხულთა მხოლოდ 5% აფასებს დადებითად რუსეთთან ურთიერთობას, 85% კი უარყოფითად ახასიათებს. მოსახლეობის 88 % ამბობს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ კვლავ გრძელდება ან შესაძლებელია, განახლდეს. რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას გამოკითხულთა 85% ემხრობა, 12 % კი არ ემხრობა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ქცევას რუსეთთან მიმართებაში, 59% პასუხობს, რომ დადებითად, 26 % - უარყოფითად, ხოლო 15%-ს არ აქვს პასუხი. მოცემული საერთაშორისო ვითარების ფონზე საქართველოს მაცხოვრებელთა 68% მეტნაკლებად დაცულად გრძნობს, 28% კი - დაუცველად.
IRI -იმ კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2015 წლის 3-28 თებერვალს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე (18 წლის და ზემოთ). კვლევის ცდომილება არ აღემატება 2.5 პროცენტს; პასუხის გაცემის კოეფიციენტი იყო 70%.