ე. წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დროებით დაიხურა. აღნიშნულის მოტივი მხარეთა მტკიცებულებებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების დასაშვებობაზე მსჯელობა გახდა. კერძოდ, მოსამართლე დავით ჯუღელმა დამსწრეებს დარბაზის დატოვება სთხოვა სხდომის იმ ნაწილში, რომელზეც საიდუმლო მასალების შესახებ იქნება საუბარი. კერძოდ, წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მტკიცებულებების ნუსხა უნდა წარადგინონ, რომელშიც როგორც ცნობილია, არსებობს საიდუმლო მოწმეთა ჩვენებები.
მას შემდეგ რაც ნუსხას წარადგენენ და დასაშვებობაზე იმსჯელებენ, პროცესი მოსამართლის განცხადებით, კვლავ გაიხსნება.
სასამართლო სხდომის დახურვამდე ე. წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულმა ხუთივე პირმა წარდგენილ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას განაცხადეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ. სხდომის დახურვის შემდეგ სასამართლოში რჩებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და "თავისუფალი დემოკრატების" სხვა წარმომადგენლები.
როგორც ალასანიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იგი სხდომის გახსნას დაელოდება და პროცესს დაესწრება.