ძლიერდება ხმები, რომლებიც კითხვის ნიშნებს სვამს ჩვენს ეგზისტენციალურ არჩევანთან დაკავშირებით, რომელიც არის ევროპა და ევროატლანტიკური კავშირი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
მისივე განმარტებით, ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით საჭიროა მეტი კონსოლიდაცია, მთლიანობა და სიძლიერე, რაც გაჩენილ კითხვებს მოხსნის.
"ხმები, რომლებიც კითხვის ნიშნებს სვამს ჩვენს ეგზისტენციალურ არჩევანთან დაკავშირებით და ეს არის ევროპა და ევროატლანტიკური კავშირი, უფრო ძლიერდება. ერთის მხრივ, ამ ხმების გაძლიერების მიზეზი არის დემოკრატია - თავისუფალ საზოგადოებაში ყველა ხმა უფრო ნათლად ისმის და ეს ჩვენი მონაპოვარი და მიღწევაა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. ამ თვალსაზრისით არ შეიძლება, რომ ვიღაცა გააჩუმო, მაგრამ მეორე მხრივ, პროდასავლური იყო "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანია, პროდასავლური იყო "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია, პროდასავლური იყო ჩემი საარჩევნო კამპანია. ვითარებაში, როცა ჩვენ გვყავს პროდასავლური ოპოზიცია, პროდასავლური უმრავლესობა, პროდასავლური პრეზიდენტი, როცა გვაქვს ასეთი კონკრეტული და ძალიან ნათელი მანდატი მოცემული საზოგადოების მხრიდან, ჩვენ უფრო აქტიურად უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს პროდასავლურ კურსზე და ქვეყნის შიგნითაც ნათლად ვაჩვენოთ, რომ ამ თემებზე საჭიროა მეტი კონსოლიდაცია. სწორედ მთლიანობა და სიძლიერე მოხსნის იმ კითხვის ნიშნებს, რომელიც გაჩენილია. ჩვენ ბევრად უფრო მტკიცედ უნდა ვილაპარაკოთ ამ საკითხზე იმ კუთხით, რომ ვართ ერთიანები", - აღნიშნა პრეზიდენტმა.