„მეც ვეკუთვნი იმ ადამიანებს, ვისაც ეს ცარიელი სკამები თვალში ხვდება“

„მეც ვეკუთვნი იმ ადამიანებს, ვისაც ეს ცარიელი სკამები თვალში ხვდება“

ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თინა ხიდაშელი პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლას დადებითად აფასებს.

როგორც ხიდაშელმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლა რომელიმე პოლიტიკური ძალის ლიდერის გამოსვლა არ ყოფილა.

„ჩვენ დღეს მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა. ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, როგორც გამაერთიანებლის და არა  რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერის გამოსვლა. ეს ძალაინ დიდი იშვიათობაა აქ, ამ დარბაზში, ამ ტრიბუნიდან. ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, როდესაც პრეზიდენტი ახერხებს იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, იყოს გამაერთიანებელი და არა დამქუცმაცებელი, არა გამხლეჩი, აკრიტიკოს, ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, მაგრამ ეს ისე გამოთქვას, რომ არავის უწოდოს მუმია და აღარ გავაგრძელებ იმ ტერმინოლოგიას, რომელიც ასეთი ტრიბუნიდან ხშირად გვესმოდა. ეს დიდი სიახლეა და ესეც არის დასტური იმ არჩევანის და იმ სხვაობის, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ წინასთან შედარებით გააკეთა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მან ყურადღება გაამახვილა მთავრობის მეთაურის და წევრების გადაწყვეტილებაზე, რომ პარლამენტში პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას არ დასწრებოდნენ.

„მინდა გამოვეხმაურო ყველა იმ ადამიანს, ვისაც თვალში ცუდად ხვდება ეს ცარიელი სკამები და მეც ნამდვილად ვეკუთვნი იმ ადამიანებს, ვისაც თვალში ხვდება ეს ცარიელი სკამები. მოველი, რომ პრეზიდენტი საქართველოს დღევანდელი მმართველი გუნდის ლიდერთან, პრემიერთან უფრო ეფექტური და შედეგიანი პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში მოახერხებს, რომ მომავალ წელს  ცარიელი სკამები აქ აღარ იქნება. საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს ამას როგორ მოახერხებს ქვეყნის პრეზიდენტი. მოსახლეობას სჭირდება შედეგები და ეს საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მოსაგვარებელია. შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 1 თვის განმავლობაში ქართული მედია საუბრობდა არა იმაზე, რა იქნებოდა პრეზიდენტის აქცენტები, რაზე ისაუბრებდა ქვეყნის პირველი პირი, არამედ საუბარი იყო იმაზე, რომელ სკამზე რომელი ადამიანი რომელ წუთზე დაჯდებოდა, თუ არ დაჯდებოდა. ეს უნდა დამთავრდეს საქართველოში. ყველამ ერთად, ჩვენ პოლიტიკოსებმაც, მედიამაც, ექსპერტებმაც, ყველამ ერთად უნდა ვილაპარაკოთ იმ თემებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს და არა იმაზე, რასაც ჩვენ მოვიგონებთ, შევქმნით და რაც შემდეგ მთელი აურზაურის შედეგი გახდება, რომლის მონაწილეც ჩვენ ყველა ერთად ვართ.  იმედი მაქვს, რომ ეს არაფრისთვის საუბარი წელს გამოსვლით დასრულდება და მომავალი წლიდან ჩვენ სხვაგვარ ვითარებას მივიღებთ“ ,  - განაცხადა ხიდაშელმა.

პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დღეს ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. მის გამოსვლას მინისტრთა კაბინეტი არ დასწრებია.